ამ ნომერში გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ინტერნეტ მაღაზიის მუშაობა თავდაპირველად მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოთ. წინა სტატიებში ჩვენ გვქონდა საუბარი ორი ტიპის პროდუქციის მომარაგების სქემაზე. პირველი არ მოითხოვს დასაწყობებას და მხოლოდ ფართო პარტნიორულ ქსელს საჭიროებს, რომელთაგან საჭიროების შემთხვევაში პროდუქციას შეიძენთ ფასდაკლებით, მეორეს შემთხვევაში კი, თქვენ უკვე საკუთარი საწყობი უნდა გქონდეთ, აიღოთ საკუთარ თავზე რისკი პროდუქციის ასორტიმენტის ზუსტ განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე პასუხისმგებელი იყოთ ხარისხზე, გარანტიასა და ა.შ.
დასაწყისისთვის თუ არ აპირებთ დიდი თანხების ჩადებას თქვენს ინტერნეტ მაღაზიაში, გირჩევთ პირველი სქემით დაიწყოთ.
რას გულისხმობს პირველი სქემა: მაგალითად, თქვენ აირჩიეთ სამომხმარებლო ელექტრონიკის, უფრო სწორად მობილური ტელეფონების მაღაზიის ბაზარი და ფიქრობთ ამ მიმართულებით მაღაზიის გახსნას. ვიტყვით, რომ აღნიშნული მიმართულება საკმაოდ საინტერესო და ზრდადია. მობილური ტელეფონი მუდმივი მოხმარების საგნების სიაში შედის და, როგორც წესი, ყოველი ადამიანი დაახლოებით წელიწადნახევარში ერთხელ მობილურ აპარატს იცვლის.
საქართველოში უკვე 3 მილიონამდე მობილური ტელეფონის მომხმარებელია. წარმოიდგინეთ და გადათვალეთ, თუ მინიმუმ რამდენი მობილური სჭირდება ქართულ ბაზარს. წარმოიდგინეთ ისიც, რომ საქართველოში უკვე 1 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელია და ბევრს არ აქვს მაღაზიებში სიარულის დრო.
ისიც უნდა ვახსენოთ, რომ კრიზისის გამო, უფრო საშუალო და მცირებიუჯეტიან ტელეფონებზე გადავიდა ძირითადი გაყიდვები, პრემიუმ კლასის მობილურების გაყიდვები შემცირებულია.
მაშ ასე, ჩვენ ვაკეთებთ ინტერნეტ მაღაზიას და გვჭირდება პროდუქცია და არ გვჭირდება რისკები. საქართველოში მობილური ტელეფონების თითქმის ყველა ბრენდის წარმომადგენლობაა გახსნილი, მათ შორის: Nokia, Samsung, SonyEricsson, LG და სხვა. როგორც წესი, დასახელებული ოთხი ბრენდი ყველაზე გაყიდვადია.
საქართველოში Nokia -ს მოდელების დისტრიბუციას სავაჭრო სახლი "გოლეთიანი" აწარმოებს. აღნიშნულ კომპანიას უკვე აქვს გარე ინტერნეტ მაღაზიებთან ურთიერთობის პრაქტიკა. ამიტომ არსებულ სქემას შემოგთავაზებთ, თუმცა პირობებზე ყველა შემთხვევაში უნდა გაესაუბროთ. სქემა შემდეგია: თქვენს ინტერნეტ მაღაზიაში შემოვიდა შეკვეთა, აუცილებელია, რომ მაღაზიაში ინტეგრირებული გქონდეთ ელექტრონული გადახდის სისტემა, რადგან პიროვნებას წინასწარ გადაახდევინოთ თანხა და რისკი შეამციროთ - მომხმარებელს უბრალოდ ტელეფონის ნახვა სურს და მეტი არაფერი?!
როგორც უკვე იცით, ბანკი "ქართუ" ინერნეტ მაღაზიის რისკების შესამცირებლად კლიენტს თანხას გარკვეული პერიოდით ანგარიშზე უყინავს, შეძენის დამოწმებისთანავე თანხა საბოლოოდ ჯდება ინტერნეტ მაღაზიის ანგარიშზე. თანხის შუალედურ ანგარიშზე გამოჩენის შემდეგ, ინტერნეტ მაღაზიამ უკვე შეიძლება მიაკითხოს სავაჭრო სახლ "გოლეთიანს", მოლაპარაკებული ანგარიშსწორების პირობების მიხედვით გადაიხადოს თანხა და მიიღოს სპეციალური ფასდაკლებით სასურველი ტელეფონი, რომელსაც კურიერი ადგილზე მიიტანს.
რა თქმა უნდა, მომწოდებელთან უნდა გქონდეთ პერიოდული საინფორმაციო კონტაქტი და იცოდეთ, რა პროდუქციაა დარჩენილი და რა არა. შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზიის დახლებზე ცვლილებებს ოპერატიულად უნდა ახორციელებდეთ.
აღსანიშნავია, რომ იგივე სავაჭრო სახლ "გოლეთიანში" თუ თქვენ მომავალში გარკვეულ წინასწარ შეკვეთებს განახორციელებთ, უფრო დიდ ფასდაკლებას მიიღებთ.
ფაქტობრივად, დანარჩენ მომწოდებლებთანაც ასეთივე სქემით შესაძლებელია მუშაობა. რა თქმა უნდა, პირობებზე წინასწარ უნდა მოელაპარაკოთ.
რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ, აუცილებლად დაუკავშირდით დისტრიბუტორს, რომელიც მზად არის ფასდაკლება შემოგთავაზოთ.
ასეთი სქემით გარკვეული პერიოდი იმუშავებთ, თუმცა როდესაც გაყიდვები დღეში გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს და სტაბილური გახდება, საკუთარ დასაწყობებაზე უნდა დაფიქრდეთ.
ყველა შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სეზონურობას და დღესასწაულებს დიდი გავლენა აქვს გაყიდვების რაოდენობაზე. ასეთ დღეებში მიღწეული წარმატება ნუ შეგიქმნით ილუზიას, რომ მთელი წელი მსგავსი გაყიდვები გექნებათ.
navigator.ge