ინტერნეტ მაღაზიის შექმნამდე კარგად უნდა წარმოიდგინოთ, თუ რა აუცილებელ ტექნიკურ პარამეტრებს უნდა შეიცავდეს ის. აღნიშნულმა პარამეტრებმა მომავალში მის ინტერნეტში პოპულარიზაციას ხელი უნდა შეუწყოს.
გაითვალისწინეთ, რომ დღეისათვის მომხმარებელთა მოზიდვაში საკმაოდ დიდ როლს საძიებო სისტემები თამაშობენ. საძიებო სისტემებში საკვანძო სიტყვების ქვეშ კარგი პოზიციების დაკავება წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციის ძიებისას www.google.com-ს იყენებს. აღნიშნული საძიებო სისტემა დეტალურად აკვირდება ინტერნეტ მაღაზიის სტრუქტურას და მასზე განლაგებულ ინფორმაციას, რათა საბოლოო შედეგები მაქსიმალურად რელევანტური (ზუსტი) იყოს.
სპეციალისტებს თავიდანვე ჩაადებინეთ საიტზე რაც შეიძლება მეტგან კონკრეტული პროდუქტების სახელწოდებების ჩვენების შესაძლებლობა და უმჯობესი იქნება აღნიშნული ფუნქცია ატომატიზირებული იყოს. მაგალითად, საიტზე ლინკის "შეიძინეთ" ნაცვლად, ეწეროს "შეიძინეთ ეს და ეს პროდუქტი", პროდუქტის ლინკის "დახასიათება" ნაცვლად ეწეროს "ამა და ამ პროდუქტის დახასიათება". თუ ასეთი თანმიმდევრობა დაცული იქნება 3-5 ადგილას თითოეულ გვერდზე, მაშინ ეს კარგად იმოქმედებს საიტის მომავალ პოპულარობაზე და მის ინდექსაციაზე საძიებო სისტემებში.
კარგი იქნება, თუ თავიდანვე მოძებნით საძიებო სისტემებში თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ რა საიტები არის პირველ რიგებში. შემდგომ გახსენით ეს საიტები და ნახეთ, თუ რა საკვანძო სიტყვებს იყენებენ ისინი მეტატეგებში (ძირითადი საკვანძო სიტყვები, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევს საძიებო რობოტი საიტის ინდექსაციის დროს). შესაბამისად, გამოიყენეთ ეს სიტყვები და დაამატეთ ახალი.
გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტის აღწერა, რომელიც თითოეულ პროდუქტს ერთვის თან, იყოს მაქსიმალურად სრული და ამომწურავი. ეს დიდ როლს თამაშობს მყიდველისთვის, რადგან ვერბალური კონტაქტი მომხმარებელთან არ ხდება.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მომხმარებელს კომენტარების და სურვილების დატოვება უნდა შეეძლოს. კომენტარის გაკეთება თითოეულ პროდუქტზეც შეიძლება.
დაამატებინეთ ასევე საიტზე პროდუქტების შედარების შესაძლებლობა. ესეც ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია შემდგომში თქვენი საიტის პოპულარიზაციისთვის საძიებო სისტემებში.
ასევე გასათვალისწინებელია ინტერნეტ მაღაზიაში გაფართოებული ძიების მექანიზმები. კარგი იქნება, თუ პროდუქტის მოძიება რამდენიმე პარამეტრით იქნება შესაძლებელი.
სასურველია კოორდინატები და მეილის მისამართი განათავსოთ მაქსიმალურად თვალსაჩინო ადგილას. ასევე სასურველია უზრუნველყოთ ონ-ლაინ კონსულტაცია, რისთვისაც საიტზე Skype-ს ღილაკი უნდა ჩაისვას და ღილაკის თავზე შესაბამისი აღმნიშვნელი სურათი, სასურველია სურათი იყოს თვალსაჩინო.
როგორც საიტის პოპულარიზაციისთვის, ასევე თქვენი მაღაზიის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით კარგი იქნება, თუ საიტის ბლოგს ან ფორუმს შექმნით.
გაითვალისწინეთ ფასდაკლებების წარმოჩენის შესაძლებლობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაც საქონელზე შემოგაქვთ ფასდაკლება, ამის ჩვენება მაღაზიის გვერდზე მარტივად უნდა შეგეძლოთ. ასევე იყოს განყოფილება, სადაც შეგიძლიათ ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის განთავსება.
კარგი იქნება, თუ საიტზე განთავსებული სურათების დაკოპირებისგან დაცვის მექანიზმებს შეიმუშავებთ. შესაძლებელია თქვენი ფოტოსურათები ვინმემ გამოიყენოს, მაგალითად, მარტივად და სწრაფად საკუთარი ინტერნეტ მაღაზიის შესაქმნელად.
მაღაზიის დიზაინიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მომხმარებელი საიტზე შემოსვლისას პირველი ნახვით იღებს შთაბეჭდილებას. თუმცა საიტის დიზაინმა არ უნდა გააფუჭოს მისი ფუნქციონალური მხარე. ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კარგი დიზაინის მქონე ინტერნეტ მაღაზიების მაგალითები: Ecommercegallery.com .
გაითვალისწინეთ ისიც, რომ სხვადასხვა ტიპის ბრაუზერები, განსხვავებულად წარმოაჩენენ გვერდს თქვენს ეკრანზე. შესაბამისად, შეამოწმეთ, თუ როგორ ჩანს საიტი სხვადასხვა ბრაუზერებში.
კომპანიას ან სპეციალისტს, რომელსაც დაუკვეთავთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნას, გამოკითხეთ დეტალურად მაღაზიის და ძრავის უსაფრთხოების საკითხების მდგრადობის შესახებ.
navigator.ge