საჯარო უწყებებისთვის „ქცევის წესები“ ამუშავდება
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
საქართველოს ხელისუფლება კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიას ამუშავებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი მასშტაბური კიბერშეტევების მიუხედავად, ამ დრომდე საჯარო უწყებებში უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა არ არსებობდა. კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმების ამოქმედების პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო და უშიშროების სამსახური ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე მუშაობენ.
საჯარო უწყებების და კრიტიკული ინფრასტრუქტურებისთვის ე.წ. ქცევის წესები ამუშავდება, რომლებშიც დეტალურად გაიწერება ნორმები, რომელიც ამა თუ იმ უწყებამ უნდა დაიცვას. ცვლილებები შეეხება კერძო სექტორსაც. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გაცემა-მიღება ერთიანი სტანდარტის დაცვით, მხოლოდ ამ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. კომპიუტერულ ქსელებს კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფები გააკონტროლებენ.