”დავბეჭდოთ ფლაერები და გავავრცელოთ, ვიქირაოთ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას ბილბორდი, გავუშვათ რეკლამა ტელევიზორში, რომელიმე რადიოში და პროდუქტიც გაიყიდება.”
დაახლოებით ასეთია ჩვეულებრივი, შესაძლოა ითქვას ძველი მიდგომა მარკეტინგის პროცესთან დაკავშირებით. ბევრი ამ პროცესს უყურებს როგორც სარეკლამო კამპანია, რომელიც უნდა აწარმოო შენი პროდუქტის გასაყიდად. არადა ეს ყველაფერი მოდის იმ ფუნდამენტური შეხედულებებიდან, რომელიც საერთოდ განსხვავებულია მარკეტინგის თანამედროვე მიდგომაში.
ქვემოთ გვინდა გესაუბროთ ახლებური მარკეტინგის განმასხვავებელ ფაქტორებზე, რომელიც ეფუძნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მარკეტოლოგის, ”გერილა მარკეტინგის” ფუძემდებლის - ლევინსონის - მოსაზრებებს თანამედროვე მარკეტინგთან დაკავშირებით. ჩვენ შევარჩიეთ 5 მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენი რეალობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
1. დამოკიდებულება მომხმარებელთან - ორგანიზაციები ყოველთვის ფიქრობდნენ თუ მარკეტინგის საშუალებით როგორ მიეღოთ მომხმარებლისაგან მაქსიმუმი და რა გაეკეთებინათ ამისათვის.
თანამედროვე შეხედულებით კი მარკეტოლოგები მუდმივად უნდა ფიქრობდნენ იმაზე თუ რა ღირებულება შეუქმნან მომხმარებელს, როგორ გაუმარტივონ და კომფორტული გახადონ მათი ცხოვრება მათი პროდუქტისა თუ მომსახურების საშუალებით, როგორ დაეხმარონ მათ მათი მიზნების მიღწევაში. ეს საშუალებას აძლევს მათ შექმნან უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ღირებული პროდუქტი ბაზრისათვის და მუდმივად განავითარონ.
2. დამოკიდებულება რეკლამასთან - თანამედროვე მარკეტინგის მიხედვით რეკლამის ერთი არხის გამოყენება აღარ მუშაობს. ასეთი მიდგომა არაფრის მომცემი და არაეფექტურია. ამიტომ დღეს სხვადასხვა და მრავალფეროვანი არხის გამოყენების დრო მოვიდა, როდესაც ყველა მათგანს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს.
მაგ: შეიძლება გააკეთო რეკლამა ტელევიზორში, რომლის მიზანი შეიძლება იყოს შემოიყვანო შენს ინტერნეტ-გვერდზე რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი. ხოლო თავის მხრივ ინტერნეტ-გვერდის დანიშნულება იყოს, რომ მოანდომოს მომხმარებელს კომპანიის მაღაზიაში მოსვლა, სადაც მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პროდუქციის შეძენაზე. თანამედროვე მარკეტოლოგები ამ მიმართულებას კომბინაციურ მარკეტინგსაც უწოდებენ.
3. დამოკიდებულება გაყიდვებთან - სტანდარტული მიდგომით გაყიდვებისა და ბიზნესის გაზრდის საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ბევრი ახალი კლიენტის სწრაფად შოვნა. რაც დღეს ძალზედ არარეალურია, რადგან თითქმის ყველა დარგში კონკურენციის დონე ძალზედ მაღალია.
თანამედროვე მიდგომით კი მნიშვნელოვანია გაყიდვების გაზრდა არსებულ კლიენტებთან მათი კმაყოფილებისა და მათთან მუდმივი თანამშრომლობის საფუძველზე. ძველი მიდგომით მარკეტინგის პროცესი მთავრდება როგორც კი პროდუქტი გაიყიდება. თანამედროვე მიდგომის მიხედვით კი ბიზნესების დიდი ნაწილი წარუმატებელია იმის გამო რომ რომ არ ხდება გაყიდვის შემდგომ პროცესზე დაკვირვება, კლიენტთან მუდმივი ურთიერთობა და მათი კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება.
4. დამოკიდებულება მიზნობრივ ბაზართან - მარკეტოლოგები ჩვეულებრივად ფიქრობენ რომ რაც უფრო დიდია მიზნობრივი ჯგუფი მით უფრო შედეგიანი და ეფექტური იქნება მარკეტინგული აქტივობა.
თანამედროვე შეხედულებით კი პირიქით, რაც უფრო პატარა ჯგუფია ნაპოვნი და სწორად მისადაგებული პროდუქტს და სარეკლამო აქტივობას მით უფრო კარგია და მაღალი იქნება შედეგი.
5. დამოკიდებულება შედეგებთან - ძველი მიდგომის მიხედვით მარკეტოლოგები თავისი შედეგების შესაფასებლად ცდილობენ დათვალონ ფინანსური შედეგების მიხედვით.
თანამედროვე, ახლებული მიდგომით კი მარკეტოლოგები თვლიან მათ კლიენტების რაოდენობას. მათ იციან რომ თითოეულ კლიენტთან განვითარებული ურთიერთობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი გრძელვადიანი შედეგებისთვის.
კიდევ ბევრი განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც თანამედროვე მარკეტინგს გამოარჩევს როგორიცაა სარეკლამო არხები, საიტები და ა.შ. თუმცა ვფიქრობთ რომ ზემოთ მოცემულის გააზრება ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისათვის.
წყარო: http://strategy.ge
წარმატებები ბიზნესში!!!