commersant.ge
ინტერვიუ სუპერმარკეტ „ჯი.მარტის“ დირექტორთან ეკატერინე ჩხაბერიძესთან
– როგორ დაიწყო „ჯი. მარტმა“ მიმდინარე წელი? ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო გაყიდვების მაჩვენებელი ხომ არ შემცირებულა?
– „ჯი.მარტი“ 2010 წლის მაისისთვის შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ამ მცირე მონაკვეთში საკმაოდ წარმატებულად დამკვიდრდა. გახსნის დღიდან „ჯი.მარტის“ მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან პროდუქტის მიწოდებასთან ერთად ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება იყო. ახალი სუპერმარკეტის გამოცდილ მენეჯერთა ჯგუფს კარგად ჰქონდა გააზრებული მომხმარებლის საჭიროება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე რა თქმა უნდა საქართველოშიც გაიზრდებოდა საშუალო სამომხმარებლო კალათის ღირებულება. სწორედ ამიტომ, ხარისხთან, სერვისსა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებასთან ერთად მომხმარებელი პროდუქციის ღირებულებას აუცილებლად გაითვალისწინებდა. ჩვენი სტრატეგია გამართლებულია: ვფიქრობ, მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ და დავაჯერეთ, რომ საფასო პოლიტიკა არ იყო მხოლოდ ერთჯერადი, ბაზარზე დასამკვიდრებელი კამპანია. ეს ჩვენი სტრატეგიაა და შესაბამისად, მუდმივი ხასიათი ექნება.
მიმდინარე წელი ქართული რითეილ ბაზრისთვის რთულად დაიწყო. იმპორტზე დამოკიდებული ქართველი დისტრიბუტორები იძულებულები გახდნენ რამდენიმე სასაქონლო ჯგუფზე ფასი მოემატებინათ, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ამ კრიზისის ფონზე ვცდილობთ საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე შევინარჩუნოთ ფასები და ყოველთვიური მარკეტინგული აქციებით გავანებივროთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი. ამ აქტივობას მომხმარებელიც ადეკვატურად აფასებს და ჩვენი ქსელის რეალიზაციის მაჩვენებელიც სტაბილურად მზარდია.
– საქართველოში სუპერმარკეტების ბიზნესი ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხდება. გასულ წელს კიდევ ერთი ქსელი გაიხსნა. იგეგმება რამდენიმე უცხოური კომპანიის შემოსვლაც. არის საქართველოში ამ მოცულობის მოთხოვნა? როგორ ფიქრობთ – ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია?
– ბოლო დროს სფეროს მიმართ ინტერესს იჩენს როგორც სხვადასხვა პროდუქტის ქართველი მწარმოებელი კომპანიები, ასევე უცხოური გიგანტი ბრენდებიც. ფაქტია, სუპერმარკეტების ბიზნესი საკმაოდ მომხიბვლელია. თუმცა, ეს არ არის მარტივი ბიზნესი. ერთდროულად უნდა მართო რამდენიმე ათეული ათასი პროდუქტი, აკონტროლო მათი ხარისხი, მიწოდების ოპერატიულობა და ა.შ. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მომხმარებელი პატარა შეცდომასაც კი არ გაპატიებს. ბიზნესის მიმართ ინტერესი კი რა თქმა უნდა ბაზრის საჭიროებიდან მოდის. ნელ-ნელა ღია ტიპის ბაზრობებს დახურული, კომფორტული სავაჭრო ცენტრები ჩაანაცვლებს. ქართველი მომხმარებელი უკვე კარგა ხანია მზად არის ამ სიახლისთვის. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაში იხდის ფულს.
– ქართველი მომხმარებელი სუპერმარკეტებში მომსახურეობის კულტურის ნაკლებობას საკმაოდ ხშირად უჩივის. ზოგადად რა არის ამის მიზეზი და რატომ გაიჭიმა დროში ამ პრობლემის მოგვარება?
– როგორც აღვნიშნე, სუპერმარკეტების ბიზნესი მარტივი სამართავი არ არის, მომხმარებელი სამართლიანად ითხოვს ხარისხს, სერვისს, მომსახურების მაღალ კულტურას. ვცდილობთ, მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ. მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს, ვიწვევთ მომხმარებელს ფოკუს ჯგუფებსა თუ სხვადასხვა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად. ვიკვლევთ მათ საჭიროებას. ამ საჭიროების განსაზღვრის შემდეგ კი ვნერგავთ მომსახურების სტანდარტებს, ვუტარებთ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ვაკვირდებით მათ ქცევას და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის პრეტენზიები.
– ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ „ჯი.მარტი“ მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი? რამდენად იძლევა თქვენი ფასები იმის შესაძლებლობას, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიანმა მომხმარებელმაც ისარგებლოს თქვენი მომსახურეობით?
– ნამდვილად არ ვეთანხმები და ეს მოსაზრება პირველად მესმის. პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დაბალ და საშუალო შემოსავლიანი მომხმარებელი დავარწმუნოთ ჩვენთან შესყიდვის პრიორიტეტზე, გავუქარწყლოთ ის შიში, რომელიც ამ სეგმენტში დომინირებს - სუპერმარკეტი სულაც არ ნიშნავს ფუფუნებას. „ჯი.მარტი“ ბაზრის კომფორტული ალტერნატივაა. უსაფრთხო პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ქსელურ მარკეტებთან შედარებით ყველაზე დაბალ ფასს ვთავაზობთ მომხმარებელს.
– გასულ წელს „ჯი.მარტმა“ საკუთარი სწრაფი კვების ობიექტი გახსნა. გაამართლა თუ არა „პანორამამ“ და ხომ არ იგეგმება მისი ფილიალების გახსნა?
– ჩვენი სწრაფი კვების რესტორანი ინოვაციური პროექტია. აქ გაერთიანებულია როგორც ბუფეტის თვითმომსახურება, ასევე ბარის და პიცერიის მენიუ. ცალკე ხაზია სალათების მაგიდა, სადაც მომხმარებელი თავადაა ჩართული მომზადების პროცესში. აღნიშნული ობიექტი რამდენიმე თვეა გავხსენით. ჯერჯერობით ციფრებსა და ანალიზზე საუბარი ნაადრევია. ყველანაირ ბიზნესს წარმატებისთვის დრო ჭირდება. შეფასება მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ხდება. სამომავლოდ კი ჩვენს ქვე-ბრენდს აუცილებლად გავაფართოვებთ და “პანორამა ბუფეტს” მომხმარებელი თბილისის ცენტრალურ უბნებშიც იხილავს.
წელს გაფართოვდება როგორც „ჯი.მარტის“ ქსელი, ასევე ქვებრენდიც (პანორამა ბუფეტი), გაფართოება მოიცავს როგორ თბილისს ასევე რეგიონებსაც. გვექნება განახლებული და ექსკლუზიური სასაქონლო ჯგუფები. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან. გვექნება ბევრი ლოიალური პროგრამა და მარკეტინგული აქციები. ჩვენ გრძელვადიანი გეგმები და კვალიფიციური თანამშრომელთა გუნდი გვყავს, რომლებიც ამ გეგმის შესრულებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.