ინტერვიუ „ბაზისბანკის“ გენერალურ დირექტორთან დავით ცაავასთან
Commersant.ge
– თქვენმა ბანკმა ახალი სათავო შენობა გახსნა. ეს ბაზარზე თქვენი გააქტიურების დაწყებას ხომ არ ნიშნავს?
– ბანკის ახალი სათავო ოფისის გახსნა ერთ მიზანს ემსახურება – ვიყოთ აქტიურები და გვყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი კლიენტი. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში „ბაზისბანკი“ ახალი პროდუქტების მთელ სერიას გამოუშვებს, რაც მომხმარებლის ინტერესსა და ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს.
– ახალი პროდუქტების გარდა ხომ არ გეგმავთ ბანკის ფილიალების რაოდენობაც გაზარდოთ?
– „ბაზისბანკის“ ფილიალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მეტიც: დღეისთვის ჩვენი ბანკი მხოლოდ თბილისში, აჭარასა და კახეთშია წარმოდგენილი. თუმცა ძალიან მალე საქართველოს ყველა რეგიონში შევალთ.
– მომხმარებელი ბანკების მიმართ ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს. მათი ნაწილის განცხადებით, ბანკები სესხებზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს აცხადებენ, თუმცა როცა სესხის ასაღებად მიდიან, რეალურად ეს პროცენტი გაცილებით მაღალია...
– სხვა ბანკებზე ვერაფერს გეტყვით. „ბაზისბანკის“ შემთხვევაში კი ჩვენი სლოგანია „სასარგებლო ბანკი“. შეფარული შეთავაზებებისა და პროცენტების პირობებში კი სასარგებლო ვერანაირად ვერ იქნები.
– რაც შეეხება „ბაზისბანკის ბიზნესმენთა კლუბს“. რა ფუნქცია ექნება მას? ისარგებლებენ თუ არა კლუბის წევრი ბიზნესმენები ბანკისაგან რაიმე განსაკუთრებული შეღავათებით? მაგალითად, სესხებზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით?
– არა, აქ საუბარი სხვა რამეზეა. კლუბი ხელს შეუწყობს წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ ბიზნესმენებს ერთმანეთის მოძებნასა და დაკავშირებაში დავეხმარებით. მაგალითად, ერთი კომპანია პროდუქტს აწარმოებს, მეორეს აქვს ამ პროდუქციის შესანახი საწყობი. კლუბის ფარგლებში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და „ბაზისბანკი“ მათ შორის შუამავალი იქნება. ვფიქრობ, ეს მათ ურთიერთობაში ერთმანეთისადმი მეტ ნდობასაც გამოიწვევს.