პოლიტიკური მარკეტინგი არის პოლიტიკოსებსა და ამომრჩევლებს შორის ურთიერთობის ახალი გზა.
ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ბევრი განსხვავებაა, თუმცა მსგავსია მთავარი საქმიანობები: ბაზრის კვლევა, პროდუქტის შექმნა და კომუნიკაცია. საერთოდ, პოლიტიკის ძირითადი მიზანი არ არის მოგების მიღება. თუმცა, თანდათან ბიზნესიც აცნობიერებს, რომ უკეთესია თუ ექნება უფრო ფართო მიზნები და ამოცანები, ვიდრე მხოლოდ შემოსავლების გაზრდაა. ორგანიზაციები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ მიზნის მისაღწევად; მიდგომები ასევე განსხვავდება ქვეყნებს შორისაც.
პროდუქტზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ლიდერშიფი და მისი წევრები ქმნიან პოლიტიკას და ელოდებიან მხარდაჭერას იმის საფუძველზე, რომ მათი პოლიტიკა არის სწორი.
პროდუქტის შექმნა: ასეთი პარტია ჯერ ქმნის პროდუქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქცევა ემყარება პარტიის ლიდერის და მისი წევრების შეხედულებებს.
კომუნიკაცია: შემდეგი ეტაპია კომუნიკაცია: არა მხოლოდ პარტიის ლიდერები, არამედ მისი წევრებიც აწვდიან ინფორმაციას და პოლიტიკურ არგუმენტებს ამომრჩევლებს.
საარჩევნო კამპანია, არჩევნები & მიწოდება: ამას მოსდევს საარჩევნო კამპანია, არჩევნები და ბოლოს მიწოდება. პარტიამ უნდა განუმარტოს ამომრჩევლებს, როგორ აპირებს დაპირებული პროდუქტის მიწოდებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ყველაზე ხშირად ამ ეტაპის გარშემო უსვამენ შეკითხვებს ამომრჩევლები ქართულ ოპოზიციას: როგორ აპირებენ ისინი ამა თუ იმ დაპირების განხორციელებას, რაზეც არგუმენტირებული პასუხის არარსებობის შემთხვევაში პარტია არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.
გაყიდვებზე ორიენტირებული პოლიტიკური ორგანიზაცია იყენებს ბაზრის კვლევას და კომუნიკაციურ სტრატეგიებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ამომრჩევლი პარტიის კურსის სისწორეში და მოუწოდოს მხარდაჭერისკენ.
პროდუქტის შექმნა: ასეთი პარტიისთვის პირეველი ეტაპია პროდუქტის შექმნა პარტიის შეხედულებებისამებრ.
ბაზრის კვლევა: შემდეგ იწყება ბაზრის კვლევა, რათა გაარკვიონ ამომრჩევლების რეაქცია პარტიის ქცევაზე და მის პროდუქტზე: ამომრჩევლების რომელ სეგმენტს მოსწონს ის, რომელს – არა.
კომუნიკაცია: მომდევნო ეტაპზე ხდება კომუნიკაცია: პარტიის მიერ წარმოდგენილმა არგუმენტებმა უნდა დაარწმუნოს საზოგადოება პარტიის კურსის სისწორეში, რათა ამომრჩევლებს მოუნდეთ პარტიისთვის ხმის მიცემა. ის იყენებს გაყიდვის და კომუნიკაციის ყველა შესაძლო ხერხს, მათ შორის წერილების გაგზავნას, პროკლამაციებს, პოსტერებს და პლაკატებს, ასევე ვიდეო მიმართვებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
საარჩევნო კამპანია, არჩევნები & მიწოდება: შემდეგი ეტაპებია საარჩევნო კამპანია, არჩევნები და მიწოდება. პარტიამ, მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, ამომრჩეველს აუცილებლად უნდა მიაწოდოს დაპირებული პროდუქტი (მიზნები და პოლიტიკა).
გაყიდვებზე ორიენტირებულმა პარტიამ ადვილი შესაძლებელია წააგოს არჩევნებზე, რადგან ის კი არ პასუხობს ამომრჩევლების მოთხოვნებს და იზიარებს მათ აზრს, არამედ ცდილობს შეცვალოს მათი მოთხოვნები და მოარგოს პარტიის შეხედულებებს. შესაძლოა სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ქართული ოპოზიციის არჩევნებში დამარცხების მიზეზები.
მარკეტზე ორიენტირებული ორგანიზაცია იკვლევს ამომრჩევლების მოთხოვნებს და ითვალისწინებს მათ აზრს პროდუქტს შექმნისას. კომუნიკაცია ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას იმ პროდუქტის შესახებ, რაც მათ უნდათ და რასაც ისინი ელოდებიან. რადგან მისმა პროდუქტმა უნდა დააკმაყოფილოს ამომრჩევლების მოთხოვნები, ამიტომაც ასეთი პარტია უფრო მეტ ეტაპებს გადის.
მარკეტზე ორიენტირებული პარტიისთვის არჩევნებში მოსაგებად მთავარია საზოგადოების პრიორიტეტების განსაზღვრა და ამომრჩევლის მოთხოვნების გათვალისწინება. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ისეთი პროდუქტი, რომელიც შეძლებს ამ მოთხოვნების ასახვას. ის არ ცდილობს საზოგადოების აზრის შეცვლას, არამედ აწვდის, რაც მას სურს. პარტია არაა იდეოლოგიაზე ან ლიდერების მოსაზრებებზე ფოკუსირებული, არამედ ქმნის და აკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა. მათი პოლიტიკა პასუხობს ხალხის მოთხოვნებს. პარტიის ტრადიციები, იდეოლოგია, ასევე მისი წევრების, ლიდერების, ექსპერტების თუ მრჩევლების აზრი ემსახურება მოთხოვნებზე რეაქციას და არ კარნახობს მარკეტს თავის შეხედულებებს.
ბაზრის კვლევა: პარტია პირველ ეტაპზე იკვლევს ბაზარს იმის გასარკვევად, თუ როგორია ამომრჩევლების ქცევა და რა უნდათ მათ, რას ელიან პარტიისგან. ინფორმაციის შეგროვება ხდება მარკეტინგული კვლევის მეთოდების გამოყენებით: გამოკითხვებით, ფოკუს ჯგუფებით, ხალხთან შეხვედრებით, დისკუსიებით, რათა პროდუქტის ყველა ასპექტი იყოს განხილული. მარკეტინგული კვლევის მიზანი შესაძლოა იყოს მოკლევადიანი, როგორიცაა წინასაარჩევნო მანიფესტი და კონკრეტული სფეროები, ასევე გრძელვადიანი, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის ან განათლების საკითხებში ცვლილებები პარტიის გამარჯვების შემთხვევაში.
პროდუქტის შექმნა: კვლევებზე დაყრდნობით იქმნება პროდუქტი, რაც ნიშნავს პარტიის იმიჯის და ქცევის შეცვლას; შესაძლოა ასევე შეიცვალოს პარტიის ლიდერიც.
პროდუქტის კორექტირება: მესამე ეტაპი არის პროდუქტის კორექტირება: პარტია არ უნდა შეპირდეს, რასაც ვერ მიაწვდის, რადგან ეს გამოიწვევს ამომრჩევლების უკმაყოფილებას. ამ ეტაპზე პარტია აანალიზებს კონკურენტ პარტიებს, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამ ცოდნას ასახავს პროდუქტში. პარტიამ უნდა მიაღწიოს თავისი წევრების მხარდაჭერას პროდუქტის ცვლილებებთან დაკავშირებით და გააანალიზოს ამომრჩევლების მხარდაჭერა: რომელი სეგმენტია მათი მომხრე, საკმარისია თუ არა ეს მხარდაჭერა არჩევნებში გასამაჯვებლად, თუ არა, მაშინ რა არის საჭირო უფრო მეტი ხმების მისაღებად, როგორ უნდა გადააკეთონ ამისთვის პროდუქტი.
განხორციელება: შემდეგ მოდის განხორციელების ეტაპი, რაც ნიშნავს პარტიის გაერთიანებას პროდუქტის გარშემო. მინიმუმამდე უნდა შემცირდეს პარტიის შიგნით აზრის სხვადასხვაობა ამ პროდუქტის შესახებ. ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამავე დროს მეტად რთული. არაეფექტური განხორციელების შედეგად შესაძლოა მიაღწიოთ მოკლევადიან მიზნებს, მაგრამ წარმოიქმნას გრძელვადიანი დაბრკოლებები და ხელი შეუშალოს დაპირებული პროდუქტის მიწოდებას.
კომუნიკაცია: მეხუთე ეტაპია კომუნიკაცია. ინფომარციის მიწოდებისას უნდა წარმოაჩინოთ პროდუქტის განსაკუთრებულად დადებითი მხარეები და მნიშვნელოვანი ასპექტები, გამოიყენოთ ინოვაციური მარკეტინგული კომუნიკაციის ხერხები.
საარჩევნო კამპანია, არჩევნები & მიწოდება: ამას მოყვება ბოლო სამი საფეხური: საარჩევნო კამპანია, არჩევნები და მიწოდება. თუ გამარჯვების შემდეგაც, ხელისუფლებაში მოსული პარტია დარჩება მარკეტინგული ფილოსოფიის ერთგული, მან უნდა გააგრძელოს ბაზრის კვლევა და შეცვალოს თავისი ქცევა ისე, როგორც ამას ხალხი მოითხოვს.
ისევე, როგორც ბიზნესში, პოლიტიკურ მარკეტინგშიც, მარკეტზე ორიენტირებული მეთოდი არის გრძელვადიანი წარმატების მომტანი.
www.management.ge