ჩინურ მობილურებზე მოთხოვნა შემცირდა
საქართველოში ყველაზე კარგად მობილურ ტელეფონებს შორის Nokia 2700 იყიდება, რომელიც 185 ლარი ღირს. მერე ადგილზე ასევე „ნოკიას“ მოდელი 1280–ა, რომლის ფასიც 55 ლარია. მესამე ადგილზე კი გაყიდვების მოცულობით Samsung B7722–ია – ორბარათიანი „დუოს“ ტელეფონი, რომლის ფასიც 566 ლარია.
რეიტინგი commersant.ge–მ მობილური ტელეფონებით მოვაჭრე რამდენიმე ობიექტის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.
ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხუთეული ასეთია:
Nokia 2700 (185 ლარი)
Nokia 1280 (55 ლარი)
Samsung B7722 (566 ლარი)
Nokia 3730 (196ლარი)
Samsung E 1080T (55 ლარი)
მომდევნო ხუთეულში შემდეგი ბრენდების მოდელები შედის:
Sony ericsson
HTC
Philips
Motorola
Siemens
მობილური ტელეფონებით მოვაჭრე ქსელებში აცხადებენ, რომ ყველაზე ბევრი მყიდველი დაბალფასიან პროდუქციას ჰყავს. 700 ლარზე ძვირადღირებულ ტელეფონებზე კი კლიენტურის 15–20% მოდის.
„ნოკიას“ ცენტრის ხელმძღვანელის ბონდო გოლეთიანის თქმით, საქართველოში მობილური ტელეფონების ბაზარზე დიდი ხანია „ნოკია“ ლიდერია, რაც, მისი თქმით, მოდელების ყველაზე დიდი (60–მდე მოდელი) რაოდენობით და ასევე ფასების ფართო სპექტრით აიხსნება: ცენტრში წარმოდგენილი ტელეფონების ფასები 55 ლარიდან იწყება და 1500 ლარს აღწევს. არის პრემიუმ–კლასის აპარატები, რომელთა ღირებულებაც 3 000 ლარია.
„ბაზარზე 1998 წლიდან ვართ და გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე კარგი სერვისით გამოვირჩევით - კერძოდ, მომხმარებელს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას ვთავაზობთ, ასევე ლოიალურები ვართ საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში მომსახურების დროსაც,“ – აცხადებს გოლეთიანი.
რაც შეეხება კონკურენციას, მთავარ კონკურენტად ის „სამსუნგს“ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ „ნოკიას“ მობილურებს „სამსუნგი“ სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს, რადგან, მართალია, „სამსუნგი“ სოლიდური ფირმაა, თუმცა პროდუქციის დიდი დივიზიონი აქვს – იგი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობს, „ნოკია“ კი მხოლოდ მობილურებზეა სპეციალიზებული. ამიტომაც, ბონდო გოლეთიანის განცხადებით, „ნოკიას“ ხარისხი ამ პროდუქციის ბაზარზე საუკეთესოა.
კომპანია “ტელეფონის” გაყიდვების მენეჯერის დიანა კელასოვას თქმით, ჩინური მობილურები, რომლებიც ერთ დროს საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო, მყიდველებში დიდი მოთხოვნით აღარ სარგებლობს, რადგან ექსპლოატაციის პროცესში ბევრი წუნი აღმოაჩნდა. თანაც, კელასოვას განცხადებით, ეს აპარატები მაღალი გამოსხივებით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელს ურჩევს, იგივე ფასად შედარებით დაბალი კლასის, მაგრამ ცნობილი ბრენდების მობილური აპარატები შეიძინოს.