კრიზისს მაღალი კლასის საცხოვრებელზე მოთხოვნა არ შეუმცირებია, რადგან მომხმარებლის ამ სეგმენტს მატერიალური პრობლემები ნაკლებად შეეხო. ამის შესახებ „ბაგები სითის“ დირექტორი შოთა ხატიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, სადღეისოდ „ბაგები სითის“ ელიტურ კორპუსებში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 1500–დან 2000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა მომავალი წლის დასაწყისიდან ფასის მომატებას არ გამორიცხავს. ხატიაშვილის განმარტებით, კომპანია ელიტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გააგრძელებს, თუმცა პარალელურად ეკონომ-კლასის ბინების მშენებლობასაც დაიწყებს. კომპანია „ევორდში“ კი ამბობენ, რომ ელიტურ ბინებზე მოთხოვნა კრიზისამდელ მაჩვენებელს ვერ უახლოვდება, თუმცა მისი ზრდა საგრძნობია. მათი ინფორმაციით, „ევორდს“ დღეს 3 მიმდინარე მშენებლობა აქვს, აქედან ერთი ელიტური კორპუსია, რომელიც ფიქრის გორაზე შენდება. დღეისათვის კვადრატული მეტრის ღირებულება 1500–დან 1800 დოლარამდე მერყეობს, თუმცა კომპანიასი ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ თბილისში გააქიტურდა მოთხოვნა ელიტურ მინი ქალაქებზეც. „არქი ჯგუფი“, რომელმაც ელიტური მინი-ქალაქის შექმნა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო, ქოშიგორის ნახევარმილიარდიანი პროექტის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს. ელიტური დასახლების პროექტს საქართველოში ცნობილი ამერიკელი მილიარდერიც განახორციელებს. |