რომელი ტურისტული პროექტია ყველაზე წარმატებული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას commersant.ge–ს მკითხველი პრაქტიკულად ერთსულოვანია – მისი 68.6% ბათუმს ასახელებს. დანარჩენ კურორტებს შორის კი გამოკითხვაში მონაწილეთა ხმები ასე გადანაწილდა:
მესტია 7.6%
ანაკლია 5.5%
გუდაური 4.9%
სიღნაღი 3.5%
ბორჯომი–ბაკურიანი 3.2%
სათაფლია 2.3%
წყალტუბო 2.3%
საირმე 2.0%.
„NTG მარკეტინგის“ დირექტორის ნიკო თევდორაშვილის შეფასებით, ბათუმის ერთპიროვნული ლიდერობა სავსებით ლოგიკურია, რადგან ეს ქალაქი არა მხოლოდ კარგად „გაპიარებული,“ არამედ უკვე შექმნილი პროდუქტია, რომელსაც ქართველი მომხმარებლის უმრავლესობამ უკვე „გემო გაუსინჯა.“ რაც შეეხება მესტიას, მართალია, ამ კურორტის პოტენციალს ჯერ მხოლოდ დამსვენებლის მცირე ნაწილი გაეცნო, მაგრამ სამაგიეროდ მის მიმართ, პიარ–კამპანიის შედეგად განსაკუთრებული მოლოდინები გაჩნდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ბექა ჯაყელის განცხადებით, ბათუმის უპირობო ლიდერობა სრულიად გასაგებია, თუმცა ეს მხოლოდ პიარ–კამპანიის დამსახურება არაა, რადგან პირველი ეტაპი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იყო. ჯაყელის თქმით, ბათუმის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ის მხოლოდ ერთი სეზონის კურორტი აღარაა და სხვადასხვა კონცერტისა და გასართობი ღონისძიების წყალობით იქ დასვენება ნებისმიერ სხვა სეზონზე შეიძლება.
რაც შეეხება მესტიას, ჯაყელის განცხადებით, იქ განთავსების ადგილები ჯერჯერობით საკმარისი არ არის და კურორტის მოსაწყობად ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, მესტიის მეორე ადგილი ძირითადად პიარ–კამპანიის დამსახურებაა,
სხვა სიტუაციაა რეიტინგის აუტსაიდერ საირმესთან მიმართებაში, რომელიც, ბექა ჯაყელის განცხადებით, სპა–კურორტის კონცეფციით მოწყობა. ანუ ეს იქნება იმ კონკრეტული სეგმენტზე მიმართული კურორტი, რომელსაც გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება სურს, და არა მასობრივი ტურიზმის ადგილი, როგორც ბათუმია.
ჯაყელის პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ინვესტორი საირმეს რეაბილიტაციას განახორციელებს, პიარ–კამპანიაც დაიგეგმება და ამ კურორტის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.