კრეატიულობა ბუნებრივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე გადარჩენისა და წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
წლების მანძილზე კრეატიულობა განიხილებოდა, როგორც რაღაც ეფემერული, ინდივიდუალური ნიჭი, რომელიც ან გაქვს, ან – არა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ კრეატიულობა მართვადი პროცესია, რომელსაც თვისი სტრუქტურა აქვს და რომლის განხორციელებაც ჩვენგან მუდმივ ძალისხმევას და ორგანიზებას მოითხოვს.
კრეატიულობა არის ცვლიებებზე რეაგირება და, ამავე დროს, მათი მართვა. კრეატიულობას ინდივიდუალიზმი ახასიათებს. ჩვენ ვცდილობთ, მას დამოუკიდებლად, საკუთარი მეთოდით ჩავწვდეთ და, ხშირ შემთხვევაში, ბოლომდე დარწმუნებულნი არ ვართ, თუ როგორ ვახორციელებთ შემოქმედებით პროცესს. შემოქმედ ადამიანთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს იმ სტრატეგიაზე, რომლითაც ის ქმნის ,,ახალს“. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ იმას, რასაც ყველაზე კარგად ვაკეთებთ, ვაკეთებთ გაუცნობიერებლად.
კრეატიულობა შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი პროცესი, რომელიც შთაგონებას იწვევს. მაგრამ იგი ასევე შეიძლება იყოს გაცნობიერებული პროცესი, რომელიც დიდ ძალისხმევას და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ითხოვს.
ინდივიდუალური და ჯგუფური კრეატიულობის მართვა შესაძლებელი და აუცილებელია, მაგრამ განსაზღვრულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული:
არ არსებობს ტერმინები, რომლებიც აღწერს კრეატიულობის შინაგან ფსიქიკურ პროცესებს, ამიტომ ძნელია ამ პროცესის სხვებთან განხილვა, მსგავსი ინტელექტის მქონე ადამიანებთანაც კი.
გაცილებით ადვილია კრეატიულობის პროდუქტის აღწერა, ვიდრე კრეატიულობის პროცესის.
რთულია სხვა ადამიანების კრეატიული უნარების გადაღება.
რთულია სხვებისათვის კრეატიული უნარების გადაცემა, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარი პრობლემების გადაჭრას შეძლებენ.
რთულია განსაზღვრული ამოცანის გადაჭრისათვის საჭირო კრეატიული პოტენციალის მქონე ადამიანის შერჩევა.
ნეიროლინგვისტური პროგრამირება იკვლევს კრეატიულობის სტრუქტურას და პრინციპებს, იმ მიზნით, რომ მოახდინოს ცალკეული პიროვნებების, გუნდის და ორგანიზაციის კრეატიულობის გაძლიერება და გაფართოება. ნეიროლინგვისტური პროგრამირების ქცევითი ტექნოლოგიების საშუალებით შეძლებთ:
გაამდიდროთ და გაზარდოთ საკუთარი რუკა;
გააფართოვოთ თქვენი აღქმის არეალი;
გამოავლინოთ ის დაშვებები და ვარაუდები, რომლებიც ზღუდავს თქვენს კრეატიულობას;
გახადოთ თქვენი ქცევა უფრო მოქნლი;
გააანალიზოთ საკუთარი კრეატიულობის პროცესი და მოახდინოთ მისი მოდელირება;
დააკვირდეთ სხვების კრეატიულ პროცესებს და მოახდინოთ მათი მოდელირება;
მოახდინოთ კრეატიული პროცესის ერთი კონტექსტიდან მეორეში გადატანა და მისი სხვებისათვის გადაცემა;
პროფესიულ დონეზე ამოცანები, რომლებიც კრეატიულ გადაწყვეტას ითხოვს, შეიძლება ორიენტირებული იყოს როგორც პრობლემის გადაჭრაზე, ისე გარკვეული მიზნის მიღწევაზე. ამ ტიპის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ ამოცანათა რიცხვში შედის:
პრობლემის მოძიება და განსაზღვრა;
მიზნის კვლევა ან დასახვა;
შესაძლებლობების ანალიზი;
სამუშაო დავალებების განაწილება;
გარემოს პროგნოზირება და სცენარების შექმნა;
თითოეულ ჩვენგანს საკუთრი მსოფლმხედველობა აქვს, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილ შინაგან ნეიროლინგვისტურ რუკებს ეფუძნება. სწორედ ამ რუკების საშუალებით ვახდენთ გარესამყაროს ინტერპრეტირებას, ვრეაგირებთ მასზე და აზრს ვანიჭებთ ჩვენს ქცევასა და განცდებს. ამგვარად, გვზღუდავს და ძალას გვანიჭებს არა რეალობა, არამედ ამ რეალობის ჩვენი შინაგანი რუკა. თუ შევძლებთ ჩვენი რუკების გაფართოებას, იმავე რეალობაში მეტი ალტერნატივის მოძიებას შევძლებთ.
ცნობილია, რომ ამა თუ იმ სფეროში ხშირად უფრო მეტ კრეატიულობას დილეტანტები ავლენენ, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი სპეციელური განათლება არ გააჩნიათ.
კრეატიულობის მართვის საკვანძო ასპექტი ცვლილებების მიმართ მზაობასა და თანმიმდევრულობას შორის ოპტიმალური თანაფარდობაა. ის, ვინც თანმიმდევრულია საკუთარ სურვილში – მიზანს მიაღწიოს, მოქნილობა უნდა გამოიჩნოს მიზნის მიღწევის მეთოდებში.
კრეატიულობის განმაპირობებელი ფსიქიკური პროცესები მხოლოდ ირიბად არის დაკავშირებული იმასთან, თუ რას ვაკეთებთ მოცემულ მომენტში. ხშირად, შემოქმედებითი იდეები მაშინ გვეწვევა, როდესაც ჩვენი ამოცანისაგან სრულიად განსხვავებულ თემაზე ვფიქრობთ.ნებსმიერი შემომედებითი აქტი ნერვული სისტემის მობილიზაციას ითხოვს, რათა მოხდეს გარემოსთან ურთიერთქმედება და მასში ცვლილებების შეტანა. კრეატიულობა კრეატიულობაა იმის მიუხედავად, თუ რომელ სფეროში ვიყენებთ მას.
ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში გამოყოფენ კრეატიულობის განსხვავებულ დონეებს, ამ დონეებს განსაზღვრავს ის, თუ ,,სად“, ,,როდის“, ,,როგორ“, ,,რატომ“ ხორციელდება კრეატიული პროცესი, ,,ვინ“ და ,,რას“ ახორციელებს.
გარემო – ,,სად“ და ,,როდის“ ასპექტებს გარემოს განსხვავებული ზემოქმედება განაპირობებს. ეს არის დროითი და სივრცითი შეზღუდვები.
ქცევა - ,,რა“ ასპექტი ეხება ქცევით გამოვლინებებს, რომლებიც გავლენას ახდენს კრეატიულობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარეგანი შეზღუდვები ყველასათვის ერთნაირია, თითოეული ადამიანი მათზე თვისებურად რეაგირებს.
შესაძლებლობები და უნარები – შესაძლებლობები და უნარები შინაგანი რუკის, გეგმის ან სტრატეგიის მიხედვით ორიენტაციას აძლევს ქცევას. ისინი პასუხობენ კითხვას ,,როგორ?“
ღირებულებები – ,,რატომ“ კრეატიულობას განსაზღვრავს ადამიანის ღირებულებები. ღირებულებების დონეზე შეგვიძლია მოვახდინოთ ამა თუ იმ სტრატეგიის, გეგმის ან აზროვნების სტილის სტიმულირება, შეჩერება ან განზოგადება.
იდენტიფიკაცია – იდენტიფიკაციის დონეზე ხდება აზროვნების სტილის კონსოლიდაცია.იდენტიფიკაციის ფაქტორები განსაზღვრავს ზეამოცანას (მისიას) და ჩვენი თვითშეგნების საფუძველზე ახდენს ღირებულებების ფორმირებას. ის პასუხს სცემს კითხვაზე ,,ვინ?“
შემდეგი მტკიცებულებები თითოეული დონის შესაბამის შეზღუდვებს გამოხატავს:
იდენტიფიკაცია: ,,არ ვარ შემოქმედებითი ადამიანი“.
ღირებულება: ,,კრეატიულობა შეიძლება იყოს რთული და დამანგრეველი საქმე“.
უნარი: ,,არ ვიცი, როგორ უნდა ვიაზროვნო კრეატიულად“.
ქცევა: ,,არ ვიცი, ამ სიტუაციაში კიდევ რისი გაკეთება შემიძლია“.
გარემო: ,, ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისათვის, რომ რაიმე კრეატიული შემექმნა“.
dbr.ge