საქართველოში 10 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტური სტატუსი აქვს შეჩერებული. ამის შესახებ commersant.ge-ს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციიდან აცნობეს.
„მოვითხოვთ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია გამოიყოს. რა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებიც საფასურს ვერ ფარავენ? მათ არ აქვთ განათლების მიღების უფლება?” - აცხადებს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე კობაიძე.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ სტუდენტური სტატუს-შეჩერებულთა რიცხვი განგაშის საფუძველს არ იძლევა.
,,სტუდენტური სტატუსი მართლა შეუჩერდა რამდენიმე სტუდენტს, მაგრამ ეს დროებითია. როგორც კი ისინი საფასურის დაფარვას შეძლებენ, ჩვენ დაუყონებლივ აღვუდგენთ სტატუსს,” - განუცხადა commersant.ge-ს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ოთარ ზუმბურიძემ. სტუდენტური სტატუსი სწავლის გადაუხდელობის გამო სხვა არაერთ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუჩერდათ, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა მათგან სწავლის საფასურის დაფარვას ელოდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის განცხადებით კი, რომლებსაც commersant.ge ესაუბრა, იმ პირობებში, როცა ზოგიერთ ოჯახში ორი და ორზე მეტის სტუდენტი ცხოვრობს, 2250 ლარი რთული გადასახდელია და ისინი იძულებული არიან უნივერსიტეტში სწავლა იძულებით შეწყვიტონ.