ქართული ღვინო მსოფლიო ბაზრებზე რომ ნაკლებადაა წარმოდგენილი, ამაზე ყველა ერთნაირად თანხმდება. ექსპერტების აზრით, სარეკლამო კამპანია საკმარისი ფორმით არ მიმდინარეობს, რათა ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
ექსპერტები სახელმწიფოს არათანამიმდევრულ პოლიტაკასა და ბაზრების შეუსწავლებლობაზე საუბრობენ. დავით თამარაშვილის თქმით, ,,ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ, რისთვისაც საჭიროა სათანადო კამპანიის განხორციელება, რათა გაიაზარდოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. იმისთვის, რომ კამპანია შედეგის მომტანი იყოს, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, მაგალითად, ჩინური ბაზარი, მისი ყველა მნიშვნელოვანი ასპექტით, მოხდეს მისი ანალიზი, შემდეგ შეიქმნას ამ ბაზარზე შესვლისთვის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი, აგრეთვე, გაიმიჯნოს ის საკითხები, რა შეიძლება გააკეთონ ცალ-ცალკე სახელმწიფომ და კერძო სექტორმა და როდის შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა.''
ცალკეული კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია დიდ ბაზრებზე და მით უმეტეს კონკურენტულ გარემოში ბიზნესის განვითარება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი იქნება. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე შესვლისთვის არაკვალიფიცირებული კადრების გამო არათანამიმდევრული პოლიტიკა მიმდინარეობს სახელმწიფოს, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან.
დავით თამარაშვილის თქმით, ქართული ღვინის, როგორც წარმატებული ბიზნესის განვითარებისათვის, თითქმის არაფერი კეთდება. მართალია, საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობისთვის სოლიდური თანხები იხარჯება, მაგრამ ღვინის გაყიდვების რაოდენობა კი არ იზრდება:
-,,დღეისათვის ფაქტია, რომ ქართული ღვინის ბიზნესს სათანადოდ არ ეწყობა ხელი, ის, რომ საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობისთვის სოლიდური თანხები იხარჯება, ღვინის გაყიდვების რაოდენობაზე არ ისახება და ეს არის სახელმწიფოს მიერ არაეფექტურად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგი, საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობა არასაკმარისია ღვინის გაყიდვებისთვის, საჭიროა თანამიმდევრული მარკეტინგული პოლიტიკის განხორციელება და მაშინ შეიძლება, გამოვიდეს ეს დარგი კრიზისიდან. აუცილებლად უნდა ვთქვათ, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი არის უმძიმეს კრიზისში, ეს არის სამწუხარო რეალობა''.
გამოსავალი ღვინის პოპულარიზაციაა და მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება, რასაც ქართული კომპანიების ნაწილი წარმატებით ახერხებს, დავით თამარაშვილი:
-,,ახალი ღვინის ბრენდების შექმნა არის საჭირო სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლისთვის, აუცილებელია ამა თუ იმ ქვეყნის მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება და ამას ბევრი ქართული ღვინის კომპანია წარმატებით ახერხებს, ამ მხრივ ქინძმარაულის მარანი მართლაც მისაბაძია, მაგრამ მარტო ამ კომპანიის წარმატება საერთო ქართულ მეღვინეობაზე უმნიშვნელოდ იქონიებს გავლენას. ღვინის კომპანიები დაკავებული არიან ძირითადად ადგილობრივი წარმოებით და ახალი ბრენდების შექმნა დიდი პრობლემაა, რადგან მისი პოპულარიზაცია ითვლება კომპანიისთვის დიდ დანახარჯად, არადა ახალი ბრენდების შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს''.
აუცილებელია, საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება-განვითარებასთან ერთად დიდი ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, დღეს ადგილობრივ ბაზარზე მრავალი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება იდენტიფიცირება, პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და მათ მოსაგვარებლად სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, ეს ორივე მხარის საჯარო და კერძო სექტორის მოსაგვარებელია, სამწუხაროა, რომ ღვინის ქვეყანაში კარგი ღვინის ყიდვა პრობლემაა.