ერთ დღეში McDonald's–ი აშშ–ში 50 ათას ადამიანს დაასაქმებს
McDonald's–ის რესტორნების ქსელი აშშ–ში, სადაც კომპანია 14 ათას რესტორანს მართავს, 19 აპრილს სამსახურში ერთბაშად 50 ათას ადამიანს აიყვანს.
ამის შესახებ McDonald's U.S.A.–ს ხელმძღვანელმა ჯენ ფილდსმა განაცხადა.
ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს როგორც რიგით პოზიციებს, ისე მენეჯმენტში არსებულ ვაკანსიებს. მათი ნაწილი ნაწილობრივ სამუშაო დღეს ითვალისწინებს, ნაწილი კი სრული განაკვეთით მუშაობას.
შედეგად, აშშ–ში კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა ერთ დღეში 700 ათასამდე გაიზრდება.
კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ McDonald's–ში დასაქმებული ადამიანის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 8,3 დოლარია, მენეჯერმა კი წელიწადში შესაძლოა 50 ათასი დოლარი გამოიმუშავოს.
McDonald's–ი 1940 წელს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდსებმა დააარსეს. ქსელის პირველი რესტორანი სან–ბერნარდინოში, კალიფორნიის შტატში გაიხსნა. „სწრაფი კვების“ კონცეფცია კი მსოფლიოში პირველად 1948 წელს შემუშავდა.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები