მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.
დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.
დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.
ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.
ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კიბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.
ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.
წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.
მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.
ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური,სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.
მოახდინეთ ბრეინშტორმინგი, რას გინდათ რომ ემსახურებოდეს თქვენი ბლოგი, როგორი მკითხველი გინდათ რომ ჰყავდეს მას, გააკეთეთ თქვენი იდეების ვიზუალური რუკა (ბრეინშტორმინგის ტექნიკის შესახებ მიწერია აქ: მოიფიქრე 10 პოსტი)
მხოლოდ ამ იდეების შეგროვების შემდეგ დაფიქრდით დიზაინზე, ლოგოზე და ბრენდინგის ელემენტებზე.
გთავაზობთ პატარა მაგალითს უკეთესი თვალსაჩინოებისთვის.
Sweet.ge-ს ბრენდ-კოდი თომას გედის ოთხ გნაზომილებიანი ბრენდინგის მიხედვით:
ფუნქციონალური განზომილება
– პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებლის მიერ აღქმული სარგებელიეცადეთ დაანახოთ მკითხველს თქვენი ბლოგიდან (პროუქტიდან) მიღებული სარგებელი.
“Sweet.ge – მაძლევს სასარგებლო რჩევებს ბლოგინგის შესახებ, საინტერესო ფოტოსურათებს, გასართობ ამბებს, სხვა ბლოგერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.”
სოციალური განზომილება
– განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის შეგრძნებაადამიანებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება, რომელიმე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. იქნება ეს პოლიტიკური (მემარცხენე, მემარჯვენე, მთავრობა ოპოზიცია, ლიბერალი, კონსერვატორი თუ სხვა), სქესობრივი (ქალი, კაცი, LGBT), სუბ-კულტურის (ჰიპი, პანკი, ემო) თუ სხვა ნიშნით, ნებისმიერ შემთხვევაში – ადამიანებს უყვართ დაყოფა და კამათი.
მიეცით მათ ეს შესაძლებლობა. თქვენი ბლოგის მეშვეობით შექმენით ვირტუალური ჯგუფი კონკრეტული თემის შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება სხვების შეკრება და დისკუსია. ამით არა მარტო იმათ მოიზიდავთ ვისაც ზემოთ აღნიშნული თემა აინტერესებს, არამედ მათ მოწინააღმდეგეებსაც. (იმ დღეს კომენტარი დამხვდა ერთ-ერთ პოსტზე, “მეზიზღება ვარდისფერი და იმიტომ არ ვკითხულობ შენს ბლოგსო”. მე ვუპასუხე – “აბა, ახლა აქ რა გინდა?”-მეთქი)
”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს, ვუყურებ Sex and the City-ს, ვფურცლავკოსმოპოლიტენს, მომწონს ვარდისფერი ნივთები, შოპინგი და რაც მთავარია, ბლოგერი ვარ სულით ხორცამდე.”
სულიერი განზომილება
– გლობალური ან ლოკალური პასუხისმგებლობის აღქმააიღეთ რამე იდეა და იბრძოლეთ მისთვის. ამ ქვეყნად იდეისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ადამიანი დაღუპულა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
მთავარია, არ მოიტყუოთ. იბრძოლეთ მხოლოდ იმ იდეისთვის, რაც მართლა თქვენი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს, რაც მართლა გაინტერესებთ და მთელ თავისუფალ დროს ამ იდეის განხორციელებას უთმობთ. თუ გინდთ იყოს ეს ცხოველების და გარემოს დაცვა, ან ქართული ფეხბურთის განვითარება, ან ადამიანების გაღიმება, ან ავტობუსში ორსული ქალებისთვის ადგილის დათმობა.
”მე ვკითხულობ Sweet.ge-ს და ვხვდები თუ რაოდენ დამოკიდებულია თითოეულ ბლოგერზე ქართული ბლოგოსფეროს, ახალი მედიისა და ზოგადად ინტერნეტის განვითარება. მე მსურს და მზად ვარ მივიღო ამაში მონაწილეობა.”
მენტალური განზომილება
– მომხმარებლისადმი მენტალური თანადგომადატვირთეთ ხალხი იდეებით და მოუწოდეთ მათ მოქმედებისკენ. დაუდექით მათ მხარში რომელიმე საქმეში. მაგალითად, მათემატიკის დავალებების წერაში ან ყოველდღიურად სახლიდან კარგ ფორმაში გასვლაში.
”Sweet.ge შემოქმედებითად მავსებს, ‘მაიძულებს’ ვიყო კრეატიული, მაძლევს ახალ იდეებს, მეხმარება საკუთარი ბლოგის უკეთ მოწყობაში, მომიწოდებს თვით-განვითარებისკენ და მარწმუნებს, რომ ამქვეყნად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი!”
* * *
ვიცი, ცოტა რთულია ყველა განზომილებაში თანაბრად ძლიერი ბრენდი გქონდეს. მაგრამ მინიმუმ ორი განზომილება თუ გაქვს განვითარებული და ჩამოყალიბებული, მაინც შეგიძლია დიდ წარმატებას მიაღწიო.
ყველაზე კარგი რჩევა:
გიყვარდეს შენი ბრენდი, როგორც საკუთარი შვილი!
მაგრამ არ დაგემართოს მარკეტინგული მაიოპია.
ძალიან ბევრი ბლოგერი არ აქცევს ყურადღებას, თუ რა აინტერესებს მკითხველს, არამედ წერს იმას, რაც მხოლოდ თვითონ აინტერესებს.
წინა პოსტზე რამდენიმემ დააკომენტა, არ გვაინტერესებს ვინ რას ფიქრობს, მთავარია ჩვენ მოგვწონდესო. ეს არის მარკეტინგული მაიოპია. ეს მიდგომა გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბლოგს არ უყურებთ როგორც საქმეს, ბიზნესს, ბრენდს. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევთ.
- სიყვარულით, ბრენდინგში ჩაჭრილი სტუდენტი