ამჟამად თბილისში ბინების ყიდვა ან გაყიდვა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. განსაკუთრებით კი მყიდველისათვის, რომელსაც უწევს ძალიან ბევრ მაკლერთან კონტაქტი და უამრავი ისეთი ბინის ნახვა, რომელიც რეალურად არ აინტერესებს. ამიტომ, თუ გააკეთებთ ორგანიზაციას, რომელიც ყიდვა-გაყიდვის პროცესს უფრო მოქნილსა და მარტივს გახდის, კლიენტები არ მოგაკლდებათ.
ამისათვის უნდა გააკეთოთ უბნების მიხედვით ოფისები ადვილად მისაგნებ ადგილას. აქ მცირე საკომისიოს სანაცვლოდ, ამავე უბანში გასაყიდი ბინის შესახებ გამყიდველი დააფიქსირებს თავის განცხადებას. მოგიწევთ ბინაზე მისვლა, კარგი ხარისხის სურათებისა და ვიდეოს გადაღება, არსებული სიტუაციის აღწერა, შესაძლოა მეზობლების შესახებაც კი მცირე ინფორმაციის მოპოვება. მთლიანი მონაცემები უნდა შეიტანოთ ბაზაში, რომელიც აერთიანებს ყველა საუბნო ოფისს.
მას შემდეგ, რაც ბინის პოტენციური მყიდველი ოფისში მოვა და თავის პირობებს გეტყვით, შეურჩევთ ბაზიდან ყველა მისთვის საინტერესო ვარიანტს. მასალები ბინაზე უნდა იყოს მაქსიმალურად ამომწურავი და ყოვლისმომცველი, რათა ყიდვის მსრუველებს თქვენს ოფისში შეექმნათ წარმოდგენა არსებულ სიტუაციაზე და მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში მოისურვოს ბინის ნახვა, როდესაც თითქმის გადაწყვეტილი აქვს მისი შეძენა.
იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველი სერიოზულად დაინტერესდება კონკრეტული ბინით, გაყვებით მას და დაათვალიერებინებთ. ყიდვის შემთხვევაში ბინის საფასურში შეყვანილი იქნება თქვენი საკომისიოს თანხაც, რომელიც, შესაძლოა, ბინის ღირებულების კონკრეტულ პროცენტს შეადგენდეს.
ბინების მყიდველთა და გამყიდველთა დასაინტერესებლად, შესაძლოა, კორპუსებში ჩამოვლა და განცხადებების გაკვრა, საუბნო მაღაზიებში ინფორმაციის გავრცელება, სხვადასხვა განცხადებების მოძიება ბინების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, პერსონალურად დაკავშირება და თქვენი მომსახურების შეთავაზება.
გახსოვდეთ, ამ საქმის წარმატების საწინდარია რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი და ამომწურავი ინფორმაცია ბინებზე. სამომავლოდ, როდესაც კომპეტენციები დაგიგროვდებათ და კლიენტებიც ბევრი გეყოლებათ, შეგიძლიათ გააფართოვოთ ბიზნესი და ბინების გაქირავება-გირაოზეც დაიწყოთ ბაზების შედგენა.
სინერჯი ჯგუფი