„ნიუ-იორკ ტაიმსი“ სააკაშვილისა და ტრამპის შეხვედრას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას და საქართველოში ორი ”ტრამპ თაუერის” აშენების გადაწყვეტილებას უცხოური პრესა გამოეხმაურა.
”ნიუ იორკ ტაიმსმა” ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიაღწია ისეთ დონეს, რომ მოიზიდოს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დეველოპერი.
”ამ შეთანხმების სულის ჩამდგმელი ქარიზმატული, ინგლისურად მოსაუბრე საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელიც ცდილობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საქართველოს რუსული გავლენისგან გათავისუფლებას და შეერთებულ შტატებთან დაახლოებას,” - წერია სტატიაში.
ავტორი აგრეთვე ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში მას შემდეგ შეხვდა, რაც მილიარდერის წიგნი - ”ტრამპი არასდროს შეჩერდება” - წაიკითხა. ტრამპმა კი საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა იქ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესასწავლად.
”ვფიქრობ, დონალდ ტრამპს გასაოცარი ინტუიცია აქვს,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ.
სტატიის ავტორი თავად საქართველოს პრეზიდენტს და მის მიერ გატარებულ რეფორმებსაც ახასიათებს. ”მიხეილ სააკაშვილი ცნობილია ურთიერთობის უშუალო და ღია სტილით. პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს და ის ამერიკის ერთგული მეგობარია - ერაყის სპეცოპერაციებში მონაწილე სიდიდით მესამე დანაყოფი სწორედ საქართველოდან იყო. პოლიციაში კორუფციის დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შემინული ნაგებობა ააშენა, რომელიც, სიმბოლურად, უწყების გამჭვირვალობას გამოხატავს. პოლიციის ყველა შენობა საქართველოში ახლა ასეთივე მინის ფასადებით შენდება. მანვე მიაპყრო მსოფლიოს ყურადღება საკურორტო ქალაქ ბათუმისკენ, სადაც მხოლოდ ბოლო ოთხ წელიწადში 35 ახალი სასტუმრო ამოქმედდა,” - ნათქვამია სტატიაში.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები