რუსეთის მთავარი სანიტარი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას არ გამორიცხავს. გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, თუ ქართული პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შეზღუდვა მოლაპარაკებების საგანი გახდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. თუმცა, რუსეთის მთავარი სანიტარი ამტკიცებს, რომ 2005 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის მინერალური წყლის და ღვინის მიწოდების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით არც ერთხელ არ მიუმართავს.
ამ განცხადებების პარალელურად ონიშჩენკო რუსებს მოუწოდებს, ქართული "ბორჯომის" ნაცვლად, "ესენტუკი" დალიონ. მისი შეფასებით, "ესენტუკი გაცილებით უკეთესია, ვიდრე "ბორჯომი" და უფრო მეტი სამკურნალო თვისება აქვს. გენადი ონიშჩენკოს თქმით, საქართველოდან გასული მინერალური წყლის დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინასა და ბელორუსში იყიდება, გაყალბებულია.