მალე საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემა ამოქმედდება. პროექტზე ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ტელეკომუნიკაციის დარგის სპეციალისტებთან ერთად 2008 წლიდან მუშაობდა. ასევე პროცესში აქტიურად იყო ჩართული კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ნუმერაციის ეროვნული სისტემა შემუშავებულია ”ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ”ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის” (ITU) და ”ევროპის ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციათა საბჭოს” (CEPT) შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. რეფორმა ეტაპობრივად და საჯაროდ 2011 წლის 1 იანვრამდე უნდა განხორციელდეს. აღსანიშნავია ის გარემოება, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული აღნიშნული პროცესი. საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების წარმოშობას. ამგვარი ევოლუციური პროექტი საქართველოში ბოლო 40 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
"ნავიგატორის" მკითხველისთვის საინტერესოა, თუ რა ცვლილებებს მოიცავს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემა. რეფორმის ძირითადი არსი ნომრების ახლებურად აკრეფას გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: თბილისში არსებულ ყველა ექვსნიშნა ნომერს წინ სავარაუდოდ 2-იანი დაემატება და გახდება შვიდნიშნა. რაც შეეხება რეგიონების სატელეფონო ნომრებს, ყველა ქალაქსა და რაიონში ისინი ექვსნიშნა გახდება. იცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც და ამჟამად მოქმედ 8-იანს 10-იანი ჩაენაცვლება, მობილური ოპერატორების კოდებში კი 8-იანს 5-იანი ჩაანაცვლებს. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი ნებისმიერი მობილური ოპერატორის ქსელში ჩართულ აბონენტთან დასარეკად იყენებდა პრეფიქსს 899, რეფორმის შედეგად აბონენტთან დაკავშირება პრეფიქსის 599 საშუალებით მოხდება. ამას გარდა, იცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესი. ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ზარის განხორციელებისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. ასევე 0-ის აკრეფა იქნება საჭირო ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ოპერატორის ქსელში დარეკვისასაც, ანუ პრეფიქსს 599 წინსართად 0 დაემატება. საერთაშორისო ზარების განხორციელებისას კი აბონენტმა უნდა აკრიფოს 00 ქვეყნის კოდი და ა.შ.
ნუმერაციის ახალი სისტემა საგანგებო მომსახურების ნომრების ცვლილებებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, პოლიციის ნომერი გახდება 122, სასწრაფო - 133, სახანძრო - 111, სამომავლოდ კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112 - ში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია. როგორც ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში აცხადებენ, საქართველოში ამჟამად მოქმედი ნუმერაციის სისტემა ვერ პასუხობს დარგის თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, მისი რესურსები შეზღუდული და ამოწურვადია, რაც კომუნიკაციების ბაზარზე ახალი ოპერატორის შემოსვლისა და კონკურენციის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ახალი სისტემა ჰარმონიზირებული იქნება ევროგაერთიანების სტანდარტებთან და ნუმერაციის რესურსის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებასაც იძლევა. ახალ ოპერატორებს კი ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე გამარტივებული წესით დამკვიდრების შესაძლებლობა ექნებათ.
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს სისტემა პორტაბელურობის პრინციპს ბაზისს შეუქმნის. ნომრის პორტაბელურობა არის მომხმარებლის უფლება, შეინარჩუნოს მისი საკუთარი მობილური ან ფიქსირებული ტელეფონის ნომერი ოპერატორის ან სერვისის მომწოდებლის შეცვლისას. ეს ძალიან სასარგებლო და ცივილური მომსახურებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. აბონენტს საშუალება ექნება მობილური და ფიქსირებული ქსელის ერთი ოპერატორიდან მეორე ოპერატორის ქსელში მარტივი კომბინაციის აკრეფით ისე გადავიდეს, რომ ძველი ნომერი და ინდექსი არ შეიცვალოს. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ პორტაბელურობის პრინციპის შემოტანა ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციას გაამძაფრებს, რაც საბოლოო ჯამში ბაზრის გაჯანსაღებას გამოიწვევს.
პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ტიპის პორტაბელურობის პრინციპი იქნება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მობილური კავშირის აბონენტს მხოლოდ სხვა მობილურ ოპერატორთან გადასვლა შეეძლება. ასეთივე შესაძლებლობა ექნება ფიქსირებული ქსელების მომხმარებელს, რომელიც საკუთარი ნომრის შენარჩუნებით სხვა ფიქსირებული კავშირის ოპერატორთან გადასვლას შეძლებს. შემდგომ ეტაპზე კი იგეგმება კონვერგირებულ პორტაბელურობაზე გადასვლა, სადაც მობილურ აბონენტს ფიქსირებულ ოპერატორთან პორტაბელურობის პრინციპების დაცვით გადასვლა და უკვე ფიქსირებული მომსახურების მიღება ნომრის შენარჩუნებით შეეძლება. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, პორტაბელურობის პროცესი ნუმერაციის ახალი სისტემისგან განსხვავებით თავად მობილური ოპერატორებისთვის გაცილებით რთულად წარსამართია, რადგან კონვერგირებულ პორტაბელურობაზე გადასვლა დამატებითი მონაცემთა ბაზების შექმნას მოითხოვს, რაც ზარის სწორად გადამისამართებისთვის არის საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნომრის პორტაბელურობის პრინციპი არაერთ ქვეყანაშია დანერგილია. მისი იდეა მიმართულია ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისკენ. რაც შეეხება მის ტექნიკურ მხარეს, ზარების და შეტყობინებების გადამისამართების ბევრი განსხვავებული ვარიანტი არსებობს. თუმცა, ყველაზე კარგად აპრობირებული და გავრცელებული პორტირებული ნომრების ცენტრალური მონაცემთა ბაზის (CDB) შექმნაა. აღნიშნული ბაზის ასლს ყველა ოპერატორი ინახავს, რათა ყოველი ნომრიდან გაშვებული ზარი თუ შეტყობინება სწორი მიმართულებით გადაამისამართოს. ამ მოდელს სხვანაირად "ზარების საერთო მოთხოვნას" (ACQ-ს) უწოდებენ. ევროპის ქვეყნებში უშუალოდ პორტაბელურობის პრინციპის განხორციელების უამრავი სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული მოდელი ე.წ. "Recipient-Led" პორტირებაა. პროცედურის მიხედვით აბონენტი, რომელსაც სურს გადავიდეს სასურველი ოპერატორის მომსახურებაზე, მიდის მომსახურების ოფისში ოპერატორთან, რომელიც თავად აგვარებს ამ პროცესს. აღნიშნული პროცესისთვის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროა საჭირო. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომრის პორტირება ორ საათში ხდება, დიდ ბრიტანეთში კი ამისათვის ორი სამუშაო დღეა საჭირო, რადგან ამ ქვეყანაში პორტირებისთვის არც Recipient-Led სისტემა და არც CDB/ACQ მოდელი არ გამოიყენება. დიდ ბრიტანეთში პორტირების პროცესს თავად მობილური ოპერატორები აგვარებენ. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, პორტირების პრინციპის რომელ მოდელს მიმართავს საქართველო, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემა ტელეკომუნიკაციის დარგის სპეციალისტებისა და ამა თუ იმ საოპერატორო ქსელის წარმომადგენლების საჯარო განხილვის თემა გახდა. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ღია დისკუსიითვის დაინტერესებული პირები მოიწვია. ასევე პროექტი საჯარო განხილვისთვის ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და დეპარტამენტის ბლოგში იყო განთავსებული. ღია თათბირზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პროექტთან დაკავშირებული ესა თუ ის მოსაზრება ან შენიშვნა წარმოედგინა, რაც პროექტის საბოლოო სრულყოფილი სახის მიღებას ისახავდა მიზნად, რომელშიც ყველა მხარის - კომპანიების, მომხმარებელთა და ქვეყნის ინტერესებია გათვალისწინებული. ღია შეხვედრაზე შეჯერებული მოსაზრებები ახლო მომავალში დასკვნის სახით კიდევ ერთხელ განიხილება, ხოლო მას შემდეგ, რაც ნუმერაციის ახალი სისტემის პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებს, იგი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. თუ რა განვითარებას პოვებს საქართველოში ნომრების პორტაბელურობის სერვისი და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ახალი პროექტი, ამას ”ნავიგატორის” მკითხველი შემდეგ გამოცემებში შეიტყობს.
ავტორი: ირინა ჭოჭუა