
საქართველოში დროთა განმავლობაში ფეხს იკიდებს და საკმაოდ აქტიურად მკვიდრდება e-reader ტექნოლოგიები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკები დიდი ხანია რაც არსებობს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებში. არაერთი უნივერსიტეტი ავითარებს საქმიანობას ამ მიმართულებით. მაგალითისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წელს შექმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის გამოყენება არამარტო სტუდენტებს, არამედ უცხო ადამიანებსაც შეუძლიათ. ამჟამად, e-reader-ები საქართველოში მცირე რაოდენობითაა და აქედან გამომდინარე წიგნის ბეჭდური ვერსიები უფრო პოპულარულია, ვიდრე ელექტრონული. ის წიგნები, რომლებიც უფასოა, უმეტესად უნივერსიტეტის პროგრამიდან არის ან მხატვრული წიგნებია. ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთადერთია, რომელიც მომხმარებელს ციფრული ფორმატის სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებები და ინტეგრირებული ბიბლიოთეკის სისტემა. ასევე ილიას უნივერსიტეტში იგეგმება ბიბლიოთეკის ელექტრონული პორტალის შექმნა. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტსაც აქვს ონლაინ ბიბლიოთეკა და მას სტუდენტები ძალიან ეფექტურად იყენებენ. უნივერსიტეტს სპეციალური შეთანხმებები აქვს Oxfordjournals-სა და Cambridgejournals-თან. მისი მუდმივი პარტნიორი კი EBSCO გახლავთ. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტმა 1 500 ლარი გადაიხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ჟურნალების წყაროების გამოყენება შეძლებოდათ მათ სტუდენტებს. ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკა დახურულია და ამ მასალებთან წვდომა მხოლოდ საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ. საშუალოდ დაახლოებით 200-300 სტუდენტი იყენებს ბიბლიოთეკას ქართული და უცხოური გამომცემლობების წიგნების წასაკითხად. უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინ წყაროებს სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლადაც ეფექტურად იყენებენ. ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს შორის ძალიან პოპულარულია საიტი lib.ge. როგორც lib.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, ონლაინ წიგნების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა. საიტს დღეში 4, 4140-ჯერ სტუმრობენ და 5 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ორი წლის წინ ვიზიტორთა რაოდენობა კი 800 მნახველით განისაზღვრებოდა. რაც შეეხება მულტიმედია მასალას, საიტი ამჟამად მუშაობის რეჟიმშია და იგეგმება ონლაინ-ლექციების და სხვადასხვა რეპორტაჟების დამატება.
საქართველოს უნივერსიტეტებში e-reader ტექნოლოგიების დამკვიდრების საკუთარი პროექტი შეიმუშავა სინგულარ ჯგუფმა შ.პ.ს "წიგნის მაღაზიასთან” ერთად. სინგულარ ჯგუფი მუშაობს ციფრული მაღაზიის აპლიკაციის/სერვისის შექმნაზე, რომელიც ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ e-reader-ებში, როგორიცაა Amazon Kindle-ი. სერვისი შეიქმნება სინგულარში, ხოლო წიგნების მომწოდებელი იქნება შ.პ.ს "წიგნის მაღაზია". ვინაიდან Amazon-ის და სხვა საერთაშორისო წიგნის ონლაინ მაღაზიებში არსებული გადახდის მეთოდები საქართველოში აპრობირებული არ არის, სწორედ ეს გახდა მსგავს სერვისზე მუშაობის დაწყების მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, ბაზარზე არსებულ e-reader-ებს არ გააჩნიათ ქართული უნიკოდ ფონტების მხარდაჭერა. შესაბამისად, ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა არსებულ e-reader-ებში შეუძლებელია. საწყის ეტაპზე სინგულარ ჯგუფი გეგმავს სერვისის Amazon Kindle E-reader-ში ინტეგრირებას. როგორც სინგულარ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შამუგია აცხადებს, თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ უნივერსიტეტების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებისთვის გაკეთებულიყო e-reader, რომელსაც ექნებოდა ქართული ენის მხარდაჭერა. პროექტი ამჟამად საწყის ეტაპზეა და მიმდინარეობს e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ Amazon-თვის ქართული პროექტი დაინტერესებას ვერ გამოიწვევს, სინგულარ ჯგუფის მომავალი გეგმაა რომელიმე პლატფორმის მოდიფიკაცია, რათა შეიქმნას ინტერნეტ-მაღაზია ელექტრონული წიგნებისთვის. იმისათვის, რომ ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა ქართულად e-reader-ის საშუალებით მოხდეს, აუცილებელია გაკეთდეს ePab ფორმატის წამკითხავი. საერთაშორისო ელექტრონული წიგნები ePab ფორმატში იყიდება Pearson, Wiley, SAGE და Thompson-ის მიერ. რაც შეეხება ქართულ წიგნებს, ნებისმიერ გამომცემელს მარტივად შეეძლება წიგნების ePab ფორმატში გადაყვანა, Adobe INDesing-ის ან სხვა პროგრამის გამოყენებით. წიგნების გამოქვეყნების სერვისი იქნება ძალიან მარტივი: გამომცემლები თავიანთ წიგნებს ქართულ საიტზე განათავსებენ, შემდეგ ეს წიგნები ავტომატურად მოხვდება ციფრული მაღაზიის აპლიკაციაში, რომელიც ინტეგრირებული იქნება e-reader-ებში. სერვისის საფასურის გადახდის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება არჩეული წიგნის გადმოწერა.
სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” ინოვაციური პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა e-reader ტექნოლოგიების წარმატებულად დანერგვის შემდეგ შესაძლოა პროექტი ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებული გახდეს. ამჟამად e-reader ტექნოლოგია განვითარების ეტაპზეა, განსაკუთრებით საქართველოში. ჯერ კიდევ უამრავი კვლევა და სამუშაოა ჩასატარებელი, რათა e-reader ტექნოლოგიამ დაიმკვიდროს ადგილი. მომავალში ეს ახალი ხელსაწყოები ალბათ კონკურენციას გაუწევს ბეჭდურ წიგნსა და მედიას. სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” პროექტი გეგმის მიხედვით შემოდგომაზე უნდა დაიწყოს, თუმცა დეველოპმენტის დასრულების ვადები დამოკიდებულია e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებების შედეგებზე. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, იგი დამოკიდებულია იმ პლატფორმის ღირებულებაზე, რომლის მოდიფიკაციასაც სინგულარ ჯგუფი მოახდენს. სავარაუდოდ, e-reader-ის ღირებულება 400-დან 500 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან, 4 წლის განმავლობაში ელექტრონულ წიგნებს უფასოდ მიიღებენ.
ავტორი: ირინა ჭოჭუა