ომერსანტის" დღევანდელი რესპოდენტი საკმაოდ პრაქტიკულ და მოთხოვნად ბიზნესს აკეთებს. 30 წლის მარიამ კვირკვიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობაა, რაც მის ბიზნესზე გავლენას გარკვეულწილად ახდენს. M.K - ხელნაკეთი ნივთების დამფუძნებელი მუდმივად ცდილობს საკუთარ მომხმარებელს სიახლე შესთავაზოს.
როგორც კვირკვია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ბიზნესის წამოწყებამდე მან თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი ტანსაცმლის მოდელირებისა და კონსტრუირების განხრით დაამთავრა.
-მოგვიყევით M.K - ხელნაკეთი ნივთების შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ. თავიდან საიდან ყიდდით ნივთებს და რა იყო ეს ნივთები?
- ერთ დღეს გაწყვეტილ სამაჯურს ვაახლებდი და ამ დროს დამებადა იდეა საახალწლო სათამაშოები გამეფორმებინა. გავაკეთე და კარგი გამომივიდა, მაგრამ მივხვდი, რომ უკეთესის მოფიქრებაც შეიძლებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ძველი არყის სასმისი და ჭიქები გავაფორმე. ამის შემდეგ რისი გაფორმებაც შეიძლებოდა, ყველაფერს ვალამაზებდი და სადღესასწაულო დღეებზე ახლობლებისათვის საჩუქრად მიმქონდა. ჩემი გაფორმებული ჭურჭელი ყველას აღფრთოვანებას იწვევდა, შემდეგ გადავწყვიტე საყვარელ საქმეს მივყოლოდი და ჩემი პატარა ბიზნესიც ამეწყო. საუკეთესო ნამუშევრებს გადავუღე ფოტოები და facebook- ის საკუთარ გვერდზე განვათავსე. მოლოდინმა გაამართლა და ჩემი ნამუშევრები სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე პოპულარული გახდა. ნივთები, რომელიც პირველად საზოგადოებას წარვუდგინე ჭიქები,თეფშები და ჩარჩოები იყო. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მაღაზია არ მაქვს და ამ ნივთებს facebook- ის მეშვეობით ვყიდი .
- როდის და რატომ შეარჩიეთ სახელწოდება M.K- ხელნაკეთი ნივთები?
- სახელწოდება M.K - ხელნაკეთი ნივთები შევარჩიე დაახლოებით წლისნახევრის წინ, ამ სახელზე ბევრი არ მიფიქრია,მინდოდა ჩემს ხელნაკეთ ნივთებს ჩემი სახელი ეტარებინა.
-საიდან მოგაქვთ ის დეკორაცია, რასაც ჭურჭელს უკეთებთ? ან ჭურჭელს სად ყიდულობთ?
- ჭურჭელს, ბისერებსა და თვლებს სპეციალურ მაღაზიაში ვყიდულობ, სხვადასხვა დეკორაციას სხვადასხვა ფასად ვყიდულობ. ხოლო რაც შეეხება ფიგურებს, მას მე თვითონ ვამზადებ.
- მხოლოდ ჭურჭელს აფორმებთ?
- ვმუშაობ ჩარჩოებზეც და მათაც სხვადასხვანაირად ვაფორმებ. ჩარჩოებზეც იგივე მასალას ვიყენებ, რასაც ჭურჭლის გაფორმებაზე. რაც შეეხება ფასებს, ისიც სხვადასხვაა.
- ბოლო პერიოდში თბილისში მსგავსი პროდუქტების რაოდენობამ იმატა, რითია გამორჩეული M.K - ხელნაკეთი ნივთები სხვებისგან?
- M.K - ხელნაკეთი ნივთები სხვებისგან ორიგინალურობითა და მდგრადობითაა გამორჩეული. ჩემი პროდუქტი ყოველთვის სიახლეებზეა ორიენტირებული, ვცდილობ მომხმარებელს ახალი იდეები მივაწოდო, ყველაფერს ხარისხიანად ვაკეთებ და რაც მთავარია თითოეული ნივთის შექმნაში დიდ ძალისხმევას ვხარჯავ. ასე რომ, ჩემი საქმე სიყვარულს, სილამაზეს ემსახურება.
- რამდენად ხელმისაწვდომია M.K - ხელნაკეთი ნივთების ფასები და რომელ სეგმენტზეა გათვლილი?
- ჩემი აზრით M.K - ხელნაკეთი ნივთების შეძენა ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს საშუალო, მაღალი თუ დაბალშემოსავლიანი ფენა.
- აპირებთ თუ არა გაფართოებას სხვა ქალაქებშიც, ან თბილისის სხვა უბნებში ქსელის შექმნას?
- ჯერ-ჯერობით ქსელის გაფართოებაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, რადგანაც მფლობელი მარტო მე ვარ და ეს საქმე ძალიან შრომატევადია. ამასთანავე ყველაფერი თანხებზეა დამოკიდებული.
- ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, თუნდაც ლარის გაუფასურება თქვენ ბიზნესზე რა გავლენას ახდენს?
- ჩემი აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და თუნდაც ლარის კურსის მერყეობა რა თქმა უნდა, ჩემს ბიზნესზეც აისახება, რადგანაც უფრო დიდი თანხის გაღება მიწევს და ყველაფერი ძვირია.
- რას შეცვლიდით დღეს ეკონომიკაში, რაც ბიზნესის წარმართვას მეტად გაგიადვილებდათ?
- ვისურვებდი სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს ყველას, მათ შორის იმათაც, ვისაც მცირე ბიზნესის წარმართვა სურს, უნდა შეიქმნას ბიზნესის განვითარების ფონდები. ჩვენი მხრიდან კი მთავარია მონდომება, შრომისმოყვარეობა და ყველაფერი გამოვა.
- ბოლოს, რას მეტყვით სამომავლო გეგმებზე?
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად უკვე ვმუშაობ სამკაულების შექმნაზე და მინდა ამ კუთხითაც წარმოვაჩინო შესაძლებლობები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმისა, რომ ჩემი სახელოსნო მქონდეს, ეს საქმიანობის გამრავალფეროვნებაში დამეხმარება და ჩემი შესაძლებლობები ამ სფეროში უფრო ნათელი გახდება.