Navigator.ge
PayPal-ი საქართველოში სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოვა.
როგორც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაზეთ ”ნავიგატორს” განუცხადეს, ქვეყაში PayPal-ის შემოსვლას კომპანიის ევროპის მენეჯერის შეცვლამ შეუშალა ხელი. ”აპრილში ჩატარდება ლუკა კასინასთან, PayPal-ის ევროპის ახალ მენეჯერთან ვიდეო კონფერენცია, სადაც ბევრი საკითხი გაირკვევა და უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება მათ შემოსვლასთან დაკავშირებით.
PayPal-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან დიდი ხანია და შეფერხება ხელმძღვანელის ცვლილებამ გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ ბარსელონაში გვქონდა მათთან შეხვედრა და დაგვპირდნენ, რომ დაიწყებენ უფრო აქტიურ მუშაობას ამ საკითხზე,” -განაცხადა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ.
საერთაშორისო ელექტრონული საგადასახადო სისტემა Pay Pal-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში მუშაობს და 170 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.