Harvard Business Review
ტრადიციული მიდგომის - „ხელმძღვანელმა თქვა და ქვეშევრდომმა გააკეთა“ - დღეები დათვლილია. ამტკიცებს კომპანია Cisco-ს ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სუჯაი ხაჯელა.
მისი თქმით, რომ გავიგოთ, როგორი ხელმძღვანელები იქნებიან ხვალინდელი ახალგაზრდა მენეჯერები, უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს თანამედროვე ახალგაზრდობა კომუნიკაციების შესახებ.
ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 14 ქვეყნის 2800-ზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი მონაწილეობდა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არ შეუძლია ინტერნეტის გარეშე ცხოვრება. მეტიც: თუკი არჩევნის აუცილებლობა დადგება, ორი მესამედი ავტომობილზე უარს იტყოდა და ინტერნეტს არჩევდა.
ხაზზე ყოფნის სურვილის გამო, ჩნდება მოთხოვნა მოქნილობაზე: ხუთი ადამიანიდან ორმა თქვა, რომ დათანხმდება დაბალანაზღაურებად სამუშაოს, თუკი საშუალება ექნება სოციალურ ქსელებში შევიდეს, იმუშაოს ნებისმიერი ადგილიდან და აირჩიოს მობილური მოწყობილობა, რომელსაც სამსახურში გამოიყენებს. მომავალ მენეჯერებს აუცილებლად ექნებათ ასეთი პოზიცია.
მეორეს მხრივ, სოციალური ქსელები დევნიან მობილურ ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტას და ურთიერთობების დომინირებული ფორმა ხდებიან. ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობაა, რომელიც ამჯობინებს ურთიერთობას არა „ერთი ერთზე,“ არამედ ვარიანტს „ერთი ყველასთან“ახალგაზრდა ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, სოციალურ ქსელებს თავიანთ თანამშრომლებთან და კოლეგებთან საუბრებისთვის გამოიყენებენ და საკუთარ იდეებსა და პროექტებს მათ რეგულარულად გაუზიარებენ. თანამშრომელი კი, თავის მხრივ, ამ ინსტრუმენტის დახმარებით კომპანიის მუშაობასა და სტრატეგიის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
ასეთ ვითარებაში კომპანიებს მოუწევთ დაფიქრდნენ კითხვაზე: როგორია გახსნილობის მისაღები დონე? კერძო და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის რა დონეზე იქნება წაშლილი საზღვარი? სოციალური ქსელები სამუშაო და არასამუშაო კავშირებს ერთმანეთში ურევენ, თუმცა ზოგიერთ თანამშრომელს ურჩევნია პირადი ცხოვრება დახურული ჰქონდეს. როგორ შეძლებს კომპანია სოციალური ქსელების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას? საქმემ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი განვითარება მიიღოს - საკმარისია მხოლოდ ერთი გაუაზრებელი კომენტარი.
იმის მიხედვით, თუ როგორ მოაგვარებენ კომპანიები ამ პრობლემებს, მათი მართვის სტილი შეიცვლება. დრო, როდესაც ხელმძღვანელს შეეძლო ეთქვა - „მე უკეთ ვიცი, როგორ გავაკეთო“ - დასასრულს უახლოვდება. ხელმძღვანელს ურთიერთობა მხოლოდ თანამშრომელთა ვიწრო წრესთან არ ექნება - ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ის ადამიანთა ფართო წრესთან იკონტაქტებს კომპანიის როგორც შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.