რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
დღეიდან ქართული ბანკებისთვის ახალი წესები შედის ძალაში. “მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი” საფინანსო სექტორს ავალდებულებს ხელშეკრულებებში გამჭვირვალედ ასახონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტით და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული.
“პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენლის განმარტებით, ბანკებს დღეიდან მოუწევთ კლიენტებს მათთვის გასაგებ ენაზე განუმარტონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დეტალი. ბანკი, რომელიც თავად იყო საბანკო გამჭვირვალობის კამპანიის ინიციატორი, დღეიდან სხვების მსგავსად თავადაც მოარგებს ეროვნული ბანკის რეგულაციებს საკუთარ ხელშეკრულებებს. “ჩვენთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან დეტალურად აუხსნან მომხმარებლებს ყველა საკითხი,” – განმარტავენ “პროკრედიტბანკში”.
საბანკო სექტორის სხვა მოთამაშეები, მაგალითად „ვითიბი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ აცხადებენ, რომ ახალი წესის დანერგვის პირველ ეტაპზე ცალსახად პროგნოზირებადი პრობლემები არ არსებობს. „ბაზისბანკის“ განცხადებით, ახალი რეგულირების გასატარებლად საჭირო გახდა კადრების გადამზადება, ხოლო „ვითიბიში“ განმარტავენ, რომ ახალი წესის დასანერგად კადრების ინფორმირება საკმარისი იქნება.