სამედიცინო კლინიკების პრივატიზება დაჩქარებული ტემპით გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ფუნქცია რომ ობიექტების პრივატიზება გახდა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ისიც ყველასთვის ნათელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს სამედიცინო კლინიკები წარმოადგენს.
სამინისტრო არც ამჯერად ღალატობს თავის ფუნქციას და მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკას 1 680 000 ლარად ყიდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თემქის 11 მ/რ-ის I კვარტალში მდებარე ობიექტი ელექტრონული აუქციონის ფორმით გაიყიდება.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებული იქნება, კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. აუქციონი 2 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება.
ამას გარდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 25 მაისს აუქციონზე იაშვილის ბავშვთა კლინიკას გამოიტანს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ბავშვთა საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი ექვსი მილიონი ლარია.
ამავე პირობების მიხედვით, საპრივატიოზაციო ობიექტისთვის სამედიცინო პროფილი შვიდი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.
იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თამარ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკის ადმინისტრაცია პრივატიზაციის სხვა დეტალებთან დაკავშირებით და პრივატიზაციის შემდეგ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ჯერჯერობით არც ჩვენ გვაქვს რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს ჩეჩელაშვილი.
ვინ გახდება ამ კლინიკების რეალური მეპატრონე, ამის შესახებ, ალბათ, არც აუქციონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ამის ნათელი მაგალითი "არამიანცის" კლინიკის პრივატიზაციაა. რამდენიმე თვის წინ, წარმოშობით ინდუსმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, დანიელ გუფთამ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო აუქციონზე "არამიანცის" ტერიტორიაზე არსებული 6 კლინიკა შეიძინა, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასახელებდა, რომელი ქვეყნის ინვესტორი იყო დანიელ გუფთა, თუმცა ამტკიცებდა, რომ საქართველოში ინდური ინვესტიცია შემოვიდა.
ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გუფთა მართლაც კომპანია Amtel Properties-ის დირექტორია. აღნიშნული კომპანიის საიტზე კი კომპანიის მისამართად ქალაქი მოსკოვი სახელდება. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია მისი 4 ბიზნესპარტნიორის შესახებ, საგულისხმოა, რომ 4-იდან სამი რუსულია, ხოლო მეოთხე City Development Limited ოფშორშია დარეგისტრირებული. Amtel Properties-ის ყველაზე ცნობილი პარტნიორი "სიასი" რუსულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ანდრეი სმირნოვიოს დაფუძნებულია და მოსკოვში საკმაოდ ცნობილი პროექტების შემსრულებელია. "ბკნ - დეველოპმენტი" 2007 წელს რუსეთში დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა, მისი სათაო ოფისი სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს. კიდევ უფრო საინტერესოა THE ASCOTT LIMITED-ია, რომელიც რუსულ პრესაში იური ლუშკოვის სახელთან ასოცირდება.
მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებისა, რომ გუფთამ საქართველოში ინდური ინვესტიცია შემოიტანა, აშკარაა, რომ Amtel Properties -ი რუსული კომპანიაა. Amtel Properties -ის აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ სუპრუნოვია, ხოლო ფინანსური დირექტორი ლეონიდ პარნასია. ორივე ეს პიროვნება რუსეთის მოქალაქეა, ისევე როგორც დანიელ გუფთა, ერთადერთი არარუსული ამ კომპანიაში სუხირ და დანიელ გუფთების ინდური წარმომავლობაა.
ამის ფონზე, აღარ არის გასაკვირი, თუ რატომ არ ხდება საქართველოში პაციენტის და საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების გათვალისწინება და იმის გარკვევა, რეალურად ვინ არის ინვესტორი და ვის ხელში გადადის ესა თუ ის მნიშვნელოვანი ობიექტი.
"სახელმწიფოს ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა შევიდეს ბიუჯეტში, ხოლო ინვესტორი ცდილობს, რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებში ჩაიგდოს სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ არასდროს გათვალისწინებული არ არის პაციენტის და ექიმის ინტერესები, რომ, ერთის მხრივ, პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასში და, მეორეს მხრივ, ექიმის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოხდეს", - აღნიშნავს დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი.
ნინო დარბაისელი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები