ახალ ხელმძღვანელობას დაევალა, „ზედმეტი არსად მოუვიდეთ"
შემოსავლების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამსახური მუშაობის ახალ სისტემაზე გადავა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა რუსთავში, პენსიონრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, უწყებაში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება იმას, რომ საგადასახადო სისტემა მაქსიმალურად სამართლიანი იყოს.
"აქამდე კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ ახლა სხვა სისტემით უნდა მივუდგეთ. ახალი ხელმძღვანელები მოდიან, რომელთაც დაევალათ, რომ მაქსიმალურად იყვნენ სამართლიანები და ზედმეტი არსად მოუვიდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ხალხს არ ჰქონდეს უსამართლობის განცდა. გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, ეკონომიკა უნდა გათეთრდეს, ზურგს უკან არაფერი უნდა ხდებოდეს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა. ცაკაიას ადგილი კი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ დაიკავა.