“საქართველოს ბანკმა” 2010 წელი შეაჯამა
“საქართველოს ბანკმა” 2010 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. როგორც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკის” მთლიანმა შემოსავალმა 75 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 22 პროცენტით გადააჭარბა. ბანკის წმინდა მოგებამ 23,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 118,7 პროცენტით აღემატება.
ბანკის მთლიანი აქტივები 28 პროცენტით გაიზარდა და 3,5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, ბანკის მთლიანმა სესხებმა კი 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 25 პროცენტით არის გაზრდილი.
ირაკლი გილაურის თქმით, უპრეცედენტოდ გაიზარდა კლიენტთა დეპოზიტები: 2010 წლის მესამე კვარტალში მისმა მაჩვენებელმა 1,5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43 პროცენტით აღემატება.
ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2010 წელი “საქართველოს ბანკისათვის” საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან დაფინანსების მოზიდვითაც წარმატებული იყო. ბანკმა სულ 150 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, რაც, უმთავრესად, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება.
მიმდინარე წელს ბანკმა მომხმარებელს არაერთი ახალი პროდუქტი და მომსახურება შესთავაზა. მათ შორის ირაკლი გილაურმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქთად American Express-ის კიდევ ერთი ბარათის - American Express Blue Card-ის გამოშვება დაასახელა. წლის განმავლობაში უკვე 50 000-მდე ასეთი ბარათია გამოშვებული.
როგორც “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, 2011 წლისათვის ბანკი კლიენტებს კიდევ უამრავ ახალ პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.
კატეგორია:
ბანკები