"HSBC ბანკი" და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სემინარებს განაგრძობენ

"HSBC ბანკი" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის მეორე სემინარს ჩაატარებენ.
სამინისტროს ცნობით, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში "HSBC ბანკის" ევროპის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურული დაფინანსების გაყიდვების ხელმძღვანელი ფრედერიკ ვილსბო ჩამოდის, რომელიც "HSBC ბანკის" ადგილობრივ ექსპერტებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობის პროცესის, მისი დაფინანსების, მასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი შემცირების შესაძლებლობებზე ისაუბრებს. საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პროექტი "HSBC ბანკს" ეკუთვნის. იგი უკვე წარმატებულად ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
თითოეულ ქვეყანაში აკადემია მორგებულია კონკრეტული ბაზრის საჭიროებებზე. საქართველოში ის ფოკუსირებულია საერთაშორისო ვაჭრობის პროდუქტებზე, სავალუტო ბაზრებზე და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.
სემინარი ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10.00 საათიდან, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში,” გაიმართება.
კატეგორია:
ბანკები