ქართული საბანკო ბაზრის ლიდერებს პერსონალური ბანკირის მომსახურებაზე მოთხოვნა ეზრდებათ. ამ შინაარსის განცხადებას „თიბისიში“ და „საქართველოს ბანკში“ აკეთებენ. როგორც „თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, „თიბისიმ“ პერსონალური მომსახურება მომხმარებელს ჯერ კიდევ 2007 წელს შესთავაზა და მას შემდეგ სტატისტიკა მზარდია. მისი თქმით, პერსონალური მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადია და ბაზარი ასეთი შეთავაზებისთვის მზადაა.
პერსონალური საბანკო მომსახურებისადმი ინტერესს „საქართველოს ბანკშიც“ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების „სოლოს“ მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. „საქართველოს ბანკის“ განმარტებით, „სოლო“ კლიენტებს პრივილეგიებს და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს. მათივე თქმით, ბანკი ამ მომსახურებას სთავაზობს ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაზოგოს დრო და მიიღოს მაქსიმალურად მომგებიანი, კომფორტული საბანკო მომსახურება.