როგორ ვიშოვოთ სასტარტო კაპიტალი?
ნებისმიერი საქმის დასაწყებად საჭიროა სასტარტო კაპიტალი, ეს თავისთავად ცხადია. მაგრამ როგორ ვიშოვოთ ეს კაპიტალი?
არსებობს სახსრების მოზიდვის რამდენიმე წყარო:
- საკუთარი დანაზოგი. მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენი ფული ჩადოთ საქმეში, მაგრამ ეს ვარიანტი რეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის საჭირო დიდი საწყისი კაპიტალი. შეიძლება გაყიდოთ რაიმე ქონება და ამონაგები ბიზნეს-პროექტში დააბანდოთ.
- მეგობრებისა და ნათესავებისაგან ნასესხები ფული. ვინ დაგიჭერთ მხარს, თუ არა ახლობლები? გარდა ამისა, მათ შეიძლება იქონიონ მოგების ნაწილის იმედი, თუ თქვენი ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდება.
- პარტნიორების ფული. ფულის შემოტანისას ისინი შეიძლება თანამფლობელები გახდნენ. ფინანსური ურთიერთობა უნდა იყოს დაკანონებული და გაფორმებული ხელშეკრულებით.
- სხვა საწარმოებისაგან ნასესხები ფული. ყოველთვის მოიძებნება ფირმები, რომლებიც მზად არიან გასესხონ ფული საქმის დასაწყებად. მათ შეიძლება სხვადასხვა მოტივები ამოძრავებდეს, მაგრამ ყველაზე სავარაუდო მოტივი მაღალი შემოსავლის მიღების იმედია. ნებისმიერ შემთხვევაში გულდასმით უნდა შეისწავლოთ პირობები, რომელზეც გთავაზობენ ფულს, რათა არ გაებათ რაიმე ფინანსურ ან იურიდიულ მახეში.
- საბანკო კრედიტი. ფულის მიღების ეს ხერხი ბოლო ადგილზე მოვათავსეთ, თუმცა მნიშვნელობით ის პირველია. საქმე იმაშია, რომ კრედიტის გაცემისას ბანკები გარკვეულ წესებს იცავენ. პირველი, სახსრები გაიცემა გარკვეული ვადით, რომლის გასვლისას საწარმო ვალდებულია მთლიანად გაასწოროს ანგარიში. მეორე, ბანკი იღებს თავისი მომსახურების საფასურს, ე.წ. საბანკო პროცენტს. მესამე, ფულის გაცემისას ბანკი რისკზე მიდის, ამიტომ გარკვეულ გარანტიებს ითხოვს. ეს გარანტია გამოიხატება იმაში, რომ თუ საწარმო, რომელმაც კრედიტი მიიღო, გაკოტრდება, ბანკს ეძლევა უფლება გახდეს განსაზღვრული ქონების მესაკუთრე. ეს შეიძლება იყოს საწარმოს ან თქვენი პირადი ქონება (მაგალითად, ბინა) ანუ ყველაფერი ის, რაც შეიძლება გაიყიდოს ფულის დასაბრუნებლად. ჩვეულებრივ ბანკებში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელიც აანალიზებს ბიზნეს-გეგმას დაკრედიტების პერსპექტიულობის თვალსაზრისით. მაგრამ შესანიშნავი ბიზნეს-გეგმის ავტორიც კი შეიძლება უარს წააწყდეს, ვინაიდან ბანკები უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ, მსხვილ და გამოცდილ კლიენტებს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკი უარს გეტყვით კრედიტის გაცემაზე, მაგრამ გააანალიზებს თქვენს ბიზნეს-იდეას და მიგითითებთ სუსტ ადგილებზე, ეს სასარგებლო იქნება თქვენი მომავალი ბიზნესისათვის. თქვენი განაცხადის წარმატების შანსები რომ გაზარდოთ, უმჯობესია მიმართოთ რამდენიმე წყაროს. შეიძლება განაცხადის შეტანა მხოლოდ დანადგარის შეძენის დაფინანსებაზე, ეს ბანკს უფლებას მისცემს გაყიდოს დანადგარი, თუ ფირმა თავს ვერ გაართმევს ბიზნესს.
თუ თქვენ კარგი ბიზნეს-იდეა გაქვთ, თქვენ ხართ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ აქტიური, მზად ხართ ითანამშრომლოთ და გაანაწილოთ მოგება, მაგრამ არა გაქვთ ფული - ფული მოვა. თქვენი მთავარი კაპიტალი თქვენ თვითონ ხართ! ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. ეფექტიანად ამუშავეთ ეს კაპიტალი. თუ თქვენი ბიზნეს-იდეა სიცოცხლისუნარიანია, თქვენ ისარგებლებთ ნდობით, ხოლო თუ თქვენ გენდობიან, დაფინანსებაზე უარს არ გეტყვიან.
მეწარმემ საკუთარი საქმე უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია ნათელი წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს ბიზნესი წარმატების შემთხვევაში. უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებს, აჩქარების, მაგრამ ამავე დროს გაჭიანურების გარეშე.
- როგორ აპირებთ გამდიდრებას უახლოეს პერიოდში?
ა. გავაკეთებ კარიერას, ავმაღლდები ადმინისტრაციულ კიბეზე
ბ. ჩავდებ ფულს საქმეში და გავრისკავ
გ. ბედს ვცდი ლატარიაში
- მსახიობი რომ იყოთ, რომელ როლს შეარულებდით უკეთესად:
ა. ყვარყვარე (“ყვარყვარე თუთაბერი”)
ბ. ელიოზი (“ნატვრის ხე”)
გ. შტირლიცი (“გაზაფხულის 17 გაელვება”)
- წარმოიდგინეთ, რომ იშოვეთ მილიონი, რას გააკეთებთ პირველ რიგში?
ა. ფულს შევიტან ბანკში და ვიცხოვრებ პროცენტებზე
ბ. ჩავდებ მომგებიან, რისკიან საქმეში
დ. ფულის ნაწილს შევიტან სოლიდურ ბანკში, ნაწილს კი ჩავდებ ახალ საქმეში
- რა შეიძლება მოგიტანოთ ფულმა?
ა. ძალაუფლება
ბ. განცხრომით ცხოვრება
გ. ახალი საფიქრალი და შური
- თუ გამდიდრდებით, ისურვებთ თუ არა, რომ ამის შესახებ გაზეთები წერდნენ?
ა. არა
ბ. კი
გ. ჩემზე ისედაც წერენ ხანდახან
- რომელი პროფესია შეგეფერებათ ყველაზე მეტად?
ა. მწერალი, მხატვარი, კომპოზიტორი
ბ. ადვოკატი, პოლიტიკოსი, ექიმი
გ. ფირმის ხელმძღვანელი, ინსტიტუტის დირექტორი, გამომცემლობის დირექტორი
- თქვენი ფირმის შექმნისას მიიღებთ თუ არა სამსახურში მეგობრებს?
ა. კი
ბ. არა
გ. კარგად უნდა დავფიქრდე
- წარმოიდგინეთ, რომ მილიონი მოიგეთ, როგორ მოიქცევით?
ა. ვიყიდი ახალ სახლს, მანქანას, ავეჯს, ასე შემდეგ
ბ. მეტს ვიმოგზაურებ
გ. კარდინალურად შევცვლი ჩემს ცხოვრებას
- წარმოიდგინეთ, რომ ფირმის დირექტორი გახდით. რით დაიწყებთ თქვენს საქმიანობას?
ა. იმ ადამიანების შესწავლით, ვისთანაც მიწევს მუშაობა
ბ. განვსაზღვრავ ფირმის მუშაობის ძირითად მიმართულებებს
გ. შევარჩევ საიმედო თანაშემწეებს
- მოყვანილი მტკიცებულებებიდან რომელს ჩათვლით ყველაზე სწორად, თუ თქვენ გახდებით ფირმის დირექტორი?
ა. ჩემს სამუშაოში შემცირდა პროფესიულ-ტექნიკური და გაიზარდა კონცეფტუალური ცოდნის მნიშვნელობა
ბ. რაც უფრო მაღალია მართვის რანგი, მით უფრო მნიშვნელოვანია კომუნიკაციური უნარები პროფესიულ-ტექნიკურთან შედარებით.
გ. შეიცვალა მოთხოვნები პიროვნების ყველა თვისების მიმართ
- თქვენს ფირმაში შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, როგორ მოიქცევით როგორც დირექტორი?
ა. უნდა მოვუსმინო კონფლიქტის მხარეებს და შევეცადო დავარწმუნო ისინი იპოვონ კომპრომისული გადაწყვეტილება
ბ. უნდა მოვუსმინო ყველას, მაგრამ კონფლიქტის გადაჭრას დავავალებ განყოფილების უფროსს
გ. უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ პატარა კონფლიქტი არ გადაიზარდოს დიდში
- ხშირად გინდებათ ხოლმე რომ გქონდეთ დიდი ფული?
ა. მუდმივივად
ბ. პერიოდულად
გ. იშვიათად
- მილიონი დოლარი რომ გქონდეთ და საშუალება მოგეცეთ დადოთ ახალი გარიგება, რომელ ვარიანტს აირჩევდით? რომელიც მოგიტანთ მოგებას:
ა. მეოთხედ მილიონს
ბ. ნახევარ მილიონს
გ. მილიონს
ახლა დათვალეთ დაგროვილი ქულები შემდეგი ცხრილის მიხედვით.
№ | ა | ბ | გ |
1 | 6 | 3 | 0 |
2 | 3 | 0 | 6 |
3 | 0 | 6 | 3 |
4 | 6 | 0 | 3 |
5 | 0 | 3 | 6 |
6 | 0 | 3 | 6 |
7 | 0 | 3 | 6 |
8 | 6 | 3 | 0 |
9 | 3 | 6 | 0 |
10 | 6 | 0 | 3 |
11 | 3 | 6 | 0 |
12 | 6 | 3 | 0 |
13 | 0 | 6 | 3 |
შეაჯამეთ ყველა ქულა და ცხრაბალიანი სკალით განსაზღვრეთ თქვენი რისკიანობის უნარი.
0-11 ქულა ძალიან დაბალი
12-19 ქულა დაბალი
20-27 ქულა საშუალოზე გაცილებით დაბალი
28-35 ქულა საშუალოზე ოდნავ დაბალი
36-43 ქულა საშუალო დონე
44-51 ქულა საშუალოზე ოდნავ მაღალი
52-59 ქულა საშუალოზე მაღალი
60-67 ქულა მაღალი
68-78 ქულა ძალიან მაღალი
როგორ გავშიფროთ შედეგები? თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი რისკიანობის დონე არის 1, 2, ან 3, მაშინ გამდიდრების საუკეთესო შანსი თქვენთვის არის მუყაითი შრომა და თავი უნდა აარიდოთ მეწარმის, მენეჯერის და ხელმძღვანელის კარიერას.
თუ თქვენი რისკიანობის დონე არის 4, 5 ან 6, მაშინ გამდიდრების შანსები გაქვთ, მაგრამ ძალიან აქტიურად უნდა განავითაროთ საკუთარ თავში კომერსანტის უნარები.
თუ თქვენ ხართ 7 ან 8 დონეზე, მაშინ გაქვთ შანსი დაეუფლოთ მენეჯერის პროფესიას.
თუ თქვენ დააგროვეთ 68-78 ქულა, მაშინ მეცხრე დონეზე იმყოფებით, თქვენ გაქვთ რეალური შანსი გახდეთ მილიონერი, თუ უკვე არა ხართ!
სხვათაშორის:
ბიზნესი შეიძლება ვისწავლოთ. მაგრამ რა მეცნიერებაა პრაქტიკის გარეშე? ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას:
ამოცანა 1. ქმარმა დაუტოვა ფეხმძიმე ცოლს ანდერძი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ: თუ დაიბადება ბიჭი, შვილი მიიღებს დატოვებული ქონების 2/3-ს, ხოლო დედა 1/3-ს;თუ დაიბადება გოგო, შვილი მიიღებს დატოვებული ქონების 1/3-ს, ხოლო დედა 2/3-ს.
მაგრამ დაიბადა ტყუპები, გოგო და ბიჭი. როგორ უნდა გაიყოს ქონება ამ შემთხვევაში?
ამოცანა 2. გაკოტრებულ მეწარმეს ეკითხებიან: რამდენი კაპიტალი ჰქონდა მაშინ, როცა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა? მან თქვა: “ამ კაპიტალისთვის 1 მილიონი ლარი რომ დამემატებინა, გამოვიდოდა იმდენი, რამდენიც მჭირდებოდა იმისთვის, რომ არ გავკოტრებულიყავი. 2 მილიონ ლარს თუ მივამატებდი, მაშინ იმაზე ორჯერ მეტი მექნებოდა, რაც მჭირდებოდა, რომ არ გავკოტრებულიყავი”. რამდენი ფული ჰქონდა მეწარმეს, როცა გაკოტრდა?
ამოცანა 3. ოთხ მეწარმეს აქვს ფულადი კაპიტალი, რომლის ოდენობას ერთმანეთს არ უმხელენ. ბანკმა, სადაც ისინი ფულს ინახავენ, იცის, რომ თუ ისინი გაერთიანდებიან, მაშინ შესძლებენ სააქციო საზოგადოების შექმნას საწესდებო კაპიტალით 750 ათასი ლარი, ვინაიდან მათი საერთო კაპიტალი შეადგენს:
პირველის გარეშე: | 900 ათას ლარს |
მეორეს გარეშე: | 850 ათას ლარს |
მესამის გარეშე: | 750 ათას ლარს |
რამდენი ფულია თითოეული მეწარმის ანგარიშზე?
წყარო:www.networking.pin.ge
რეკომენდირებული სტატია: „კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“
კატეგორია:
კარიერა