ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ. ეს პროგრამა ძირითადად მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. წინასწარი პროგნოზით, მსურველი 70-80 000 ადამიანი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შუამავალ კომპანია ”ინტელთან”, რომელიც საერთაშორისო კომპანიებსა და ბანკებთან ურთიერთობას არეგულირებს, უკვე დაასრულა მოლაპარაკება და ოქტომბრის დასაწყისში ხელშეკრულებაც გაფორმდება. დასაწყისისათვის პროგრამაში ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ერთი ბანკი - კერძოდ, ’საქართველოს ბანკი” - ჩაერთვება.
დღეში ერთი ლარი და - კომპიუტერი შენია. იდეა მომხიბვლელად ჟღერს და დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც იზრდება. რას გულისხმობს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველად 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, და რამდენად რეალურია მისი განხორციელება? პროექტის საბოლოო პირობები 6-7 ოქტომბერს გაირკვევა, გვეუბნება განათლების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გულუა. კომპანია ”ინტელთან” ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა:
„‘ინტელს’ ეს პროექტი ასზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული და ყველაზე წარმატებული საბერძნეთსა და იტალიაში გამოდგა. საქართველოში, სავარაუდოდ, დასაწყისისათვის მონაწილეობას ამ პროგრამაში მიიღებს ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ასევე ”საქართევლოს ბანკი”. ბანკი გასცემს სესხს, რომლითაც აღნიშნული კომპანიების პროდუქციის ყიდვა იქნება შესაძლებელი. ეს არ არის რაიმე სპეციალიზებული ტექნიკა. უბრალოდ, ამ პროექტის ფარგლებში აქვს უფრო დაბალი ფასი და სესხიც შეღავათიანია.”
გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი ...
”ინტელი” ამ შემთხვევაში შუამავალია. ის ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში მიაღწიონ ოპტიმალურ ფასს და ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება შედარებით დაბალ ფასად მიიღონ კომპიუტერები. ამავე დროს, მოლაპარაკებები მიდის ბანკებთან, რომ კრედიტები შედარებით დაბალი პროცენტით გასცენ. გოგა თოფურია ამბობს, რომ, წინასწარი გეგმით, კომპიუტერს პირობითად დღეში ერთ ლარად 70-80 000 ადამიანი იყიდის. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი პედაგოგები, სტუდენტობა და სკოლის მოსწავლეები იქნებიან, თუმცა შეზღუდვა, ამ მხრივ, არც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის დაწესდება. ნაწილს შედარებით უკეთესი კონფიგურაციის კომპიუტერის ყიდვაც შეეძლება. დაგეგმილია ბონუსები და სხვა საინტერესო აქციები ინტერნეტ პროვაიდერებისგანაც:
”გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი, შეუძლია შესაბამისი კონფიგურაციის მოდელი აარჩიოს და თვის ბოლოს დაგროვილი თანხა ბანკში გადაიხადოს. კრედიტი არის ორწლიანი. იქნება გარკვეული ბონუსებიც, საინტერესო წინადადებები პროვაიდერებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ერთთვიანი ან ორთვიანი უფასო ინტერნეტ-სერვისი. ეს დეტალები ახლა ზუსტდება.”
გოგა გულუა გვეუბნება, რომ სესხების გაცემა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად იქნება ამ პროექტის განხორციელების პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი ე.წ. ”შავი სიები” - შეძლებს თუ არა ამ პროგრამაში მონაწილეობას ის ხალხი, ვისაც პრობლემური საბანკო ისტორია აქვს. გოგა გულუა ამბობს, რომ ეს ”შავი სია” ცვალებადი სიაა და მასში მოხვედრილ ადამიანს ბანკი სამუდამოდ კარს არ უკეტავს. ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბანკი, უცნობია. როგორც ”კრედიტინფო საქართველოს” მენეჯერი კობა კობახიძე გვიხსნის,ასეთ სიაში მოხვედრილი ადამიანებისათვის სესხის გაცემას ბანკი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს.
ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე ...
ინფორმაციისთვის: „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში რთული საბანკო ისტორიის მქონე მილიონამდე ადამიანი და 1 900 000 ჩანაწერია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა არა მხოლოდ მსესხებელი იყოს, არამედ თავმდები პირიც.
ექპსერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ იდეამ, მიუხედავად მისი მომხიბვლელობისა, საბანკო პროდუქტად გარდაქმნის პროცესში გარკვეული პრობლემებიც გააჩინოს:
”ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის რაოდენობა დიდი არ იქნება (კომპიუტერები არ ღირს ძალიან ძვირი), ბანკებისთვის ეს შესაძლოა პროდუქტი იმ შემთხვევაში გახდეს, თუ კრიტიკულად დიდი რაოდენობა დაგროვდება მსესხებლებისა. ისიც უნდა ითქვას, რომ რადგან ბანკებიც გარკვეულწილად ინტეგრირებულნი არიან სახელმწიფოსთან ურთიერთობებში და სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთსაც ატარებენ, შესაძლოა ამ ნაკლებად მიმზიდველი და ფინანსურად მომგებიანი პროდუქტის დანერგვაზე უარი სულაც არ თქვან და სახელმწიფოსთან ერთად რისკი და პასუხისმგებლობა გაიყონ.”
რევაზ საყევარიშვილი ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იმას მიიჩნევს, რომ ”შავ სიაში” მოხვედრილი არასათანადო მსესხებლები პროგრამაში ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვებიან, რაც პოტენციურ მსესხებელთა რიცხვს შეამცირებს. მეორე მხრივ, ექსპერტის შეფასებით, არ არსებობს ზუსტი ციფრები, თუ რამდენად არის ამ პროდუქტზე რეალურად მოთხოვნილება. ეს მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ბანკები ამ პროდუქტს დანერგავენ და მისი მოხმარების პირველი ეტაპი მაინც დასრულდება.