აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა აღდგენას არ ჩქარობს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თვლის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის აღდგენა "განსაკუთრებით განუსაზღვრელი" რჩება, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ვარდნის რისკიც კი შენარჩუნებულია. რეგიონის არასტაბილურობა დასავლეთ ევროპის კრიზისთანაა დაკავშირებული და ასევე - ადგილობრივ პრობლემებთან, როგორიცაა არც თუ ისე მაღალი სამომხმარებლო აქტიურობის დონე და საზღვარგარეთიდან დაბალი ინვესტიციების მაჩვენებელი.
"ჩვენ გვაქვს საბერძნეთის კრიზისი და ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას საფრთხეს უქმნის" - განაცხადა EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ერიკ ბერგლოფმა ზაგრებში, ბანკის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეკრებაზე. ბანკის პრეზიდენტის თომას მიროუს თქმით, ევროზონის რეგიონის პრობლემები აღმოსავლეთ ევროპასაც შეეხება, "კაპიტალური ბაზრის დანგრევის" გამო და ასევე საფრანგეთისა და გერმანიისაგან იმპორტულ საქონელზე მოთხოვნის დაცემის გამო. "არსებობს პოტენციური რისკები, რომლებიც ბერძნული ბანკების ფილიალებიდან მოდის. ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ მათ და ვაიძულოთ პოლიტიკოსები ისინი გაითვალისწინონ" - თქვა მან. ბანკის პროგნოზში ხაზგასმულია ის, რომ რეგიონის აღდგენა დიდხანს გაგრძელდება და მისი ეკონომიკის ზრდის ტემპები წელსაც და მომავალ წელსაც საგრძნობლად დაბალი იქნება, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო - 5%-ი. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში EBRD-მა მიმდინარე წლისთვის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 3,3%-დან 3,7%-მდე, იმ 30 ქვეყნისთვის გაზარდა, რომლის რიგებშიც აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ექს-საბჭოთა ქვეყნები შედიან.
ასეთი ოპტიმისტური ციფრები ასახავს სიტუაციის გაუმჯობესებას, არა ბალკანეთში და პრიბალტიკაში, არამედ მხოლოდ რუსეთში, უნგრეთში და პოლონეთში. ასე, რომ ბანკმა რუსეთისათვის პროგნოზები 3,9%-დან 4,4%-მდე გაზარდა. ხოლო რუმინეთის, ბულგარეთის და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების საქმე მოსალოდნელზე უარესად მიდის. რუმინეთის მშპ-ს დინამიკის პროგნოზი 0%-მდე დავიდა, ხოლო ბულგარეთს საერთოდ, ეკონომიკური ვარდნა ემუქრება (-1,2%). მთლიანობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაბალი ტემპებით გაიზრდება, ვიდრე ამას EBRD-ი წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. შეგახსენებთ, რომ EBRD-ი, წლის დასაწყისში 1,2%-ით ზრდას პროგნოზირებდა, ახლა კი 0,3%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ასევე ლიტვისა და ლატვიის ეკონომიკაც მოსალოდნელზე დაბალი ტემპებით ზრდას განახორციელებს.
ბანკის ანალიტიკოსების აზრით, აღმოსავლეთ ევროპის შიდა პრობლემები, სამომხმარებლო აქტიურობის დაბალ დონესთან და საზღვარგარეთიდან ინვესტიციების უკმარისობასთანაა დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით EBRD-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკომისიასთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად აპირებენ 29 ქვეყნის ყოველი ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებისათვის, რომლებშიც EBRD-ი ინვესტიციებს დებს, ტექნიკური დახმარება გაწიონ.
ასევე, UniCredit ბანკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის ზრდა, წელს არასტაბილური იქნება და - მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კრიზისამდე იყო. მათი პროგნოზებით, რეგიონის ქვეყნების მშპ 2010 წელს მხოლოდ 3%-ით გაიზრდება, ხოლო 2011 წელს - 4%-ით.
UniCredit Group-ის ეკონომისტი, ტიუილა ტოტი თვლის, რომ: "მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს, არა საბერძნეთის კრიზისი, არამედ გერმანიის პოტენციური ეკონომიკური ვარდნა", რომელთანაც ევროპა, სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობებით მჭიდროდაა დაკავშირებული.
დიმიტრი ლელაძე