ევროპის კომისიის თანახმად, ევროპა მეორე მსოფლო ომის შემდეგ "ყველაზე ღრმა და ფართო მასშტაბის რეცესიაში" იმყოფება. ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს უკანასკნელ, 4 მაისს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ პროგნოზში ნათქვამია, რომ წელს ევროპაში ეკონომიკის ზრდა მინუს 4 პროცენტამდე დაეცემა. რეცესიის მთავარ მიზეზებად, კომისია ფინანსური კრიზისის გამწვავებას, მსოფლიო ვაჭრობის მკაფიო შემცირებასა და უძრავი ქონების ფასების კორექტირების პროცესის გაგრძელებას მიიჩნევს. ევროპის მასშტაბით, რეცესია, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმედ ბალტიის ქვეყნებს შეეხება, სადაც ეკონომიკის უკუსვლა 10-დან 13%-მდე მერყეობს.
მოქმედი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად, კომისია 2010 წლისთვის კონიუნქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ვარდნის მინუს 0,1%-მდე შემცირებას ვარაუდობს. მიუხედევად ამისა, ევროპის 27 სახელმწიფოს მასშტაბით 2010 წლისთვის უმუშევართა დონის 11%-მდე გაზრდა (2009: 8%) არის ნავარაუდები, რაც 8,5 მილიონ სამუშაო ადგილის დაკარგვის ტოლფასია.
პროგნოზის თანახმად, ცალკეული სახელმწიფოების ბიუჯეტის დეფიციტების საშუალო მაჩვენებელი მშპ-ის 7,3%-ს მიაღწევს (2009: 6%), რაც როგორც აქტუალური, სუსტი კონიუნქტურის, ასევე ანტიკრიზული, ექსპანსიური სამთავრობო პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროპის 27 დან 20 სახელმწიფო სტაბილურობის პაკტში გათვალისწინებულ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზღვარს სავარაუდოდ დაარღვევს. ევროზონის მასშტაბით, მაასტრიხტის ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან კრიტერიუმს მხოლოდ ფინეთი, ლუქსემბურგი და კვიპროსი დაიცავს.
ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული მთლიანი მოთხოვნის სიმწირე ინფლაციის შემცირებას განაპირობებს - გასულ წელს ფასების ზრდის მაჩვენებელმა 3,3%-ს მიაღწია. პროგნოზის თანახმად სამომხმარებლო ფასების მატება 2009 წელს 0,4%, ხოლო 2010 წელს 1,2% იქნება.
წინამდებარე ბმულზე იხილავთ როგორც ევროპის კომისიის მიერ გაკეთებულ მთლიან ანალიზს, ასევე ცალკეული ევროპის სახელმწიფოების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების კომპაქტურ კრებულებს.