საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები არაადეკვატურად მაღალია და ძვირია ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებითაც. ეს დასკვნა გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ეკონომისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ქართული მობილური კავშირის ბაზრის კვლევის საფუძველზე გააკეთა. ასოციაციის კვლევა სხვა მონაცემებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების Informa Telecoms & Media-სა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის-World Development Indicators database-ს მონაცემებს დაეყრდნო. ამ მონაცემების საფუძველზე, ”აფბა” აცხადებს, რომ საქართველო მობილურ კავშირზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ, ხოლო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს. აქვე საუბარია იმაზეც, რომ საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის ღირებულების სტანდარტული პაკეტის მიხედვით (თვეში 44.09 აშშ დოლარი) საქართველოს მხოლოდ ქუვეითი და სიერა ლეონე უსწრებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, კვლევის ჩატარებისას ”აფბამ” ”ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) სტატისტიკური ინფორმაციითაც ისარგებლა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან შედარებით ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ძვირია მხოლოდ 7 ქვეყანაში. აღებული იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი (წელიწადში 1680 გამავალი ზარი, ანუ 2952 წუთი, 600 SMS და 12 MMS) და რომლით სარგებლობაც საქართველოში ”აფბას” მონაცემებით, წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა ისეთ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიცაა დანია, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. აღნიშნული კვლევის შედეგების სარწმუნოობაში ეჭვი ეპარებათ ქართულ მობილურ ოპერატორებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აბონენტებს შეთავაზებული მრავალფეროვანი ტარიფებიდან თავად შეუძლიათ სასურველის შერჩევა. ”მაგთიკომის” მარკეტინგის მენეჯერის ირაკლი ლობჟანიძის თქმით, ის, რომ საქართველოში აბონენტს საშუალოდ 25 ზარისა და 30 SMS-ის განხორციელება 44,09 დოლარი უჯდება, რეალობასთან ახლოსაც არ დგას: ”მარტივი, ელემენტარული არითმეტიკის საფუძველზე შეგვიძლია დავთვალოთ, რომ ყველაზე ძვირი ტარიფებითაც კი, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებობს, ეს თანხა არ აღემატება 7 ლარსა და 42 თეთრს, იმიტომ რომ ზარის საშუალო ხანგრძლივობა 40 წამია. ”მაგთიკომი” ორი ბრენდით - ”მაგთითა” და ”ბალით” ოპერირებს. ”ბალის” შემთხვევაში ფასები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა ძირითადი ტარიფები. ”ბალის” აბონენტებს შეუძლიათ 5 თეთრად ესაუბრონ ერთმანეთს, არის 15-თეთრიანი ტარიფიც, ამიტომ რთულია ისაუბრო ერთ ტარიფზე, როდესაც ტარიფების ძალიან დიდი სპექტრია. 28,8 თეთრი საბაზისოა, მაგრამ ნებისმიერი აბონენტი ყოველთვის ხვდება ფასდაკლების ან პრომოაქციის ფარგლებში. ”ბალის” შემთხვევაში კი ყველა მუდმივი ტარიფია. ამდენად, ადამიანი თავად განსაზღვრავს რამდენის დახარჯვა შეუძლია და შედეგ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას”,-აღნიშნავს იგი. ირაკლი ლობჟანიძე ”მაგთიკომის” მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში განხორციელებულ ინვესტიციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტარიფში აისახება ის ინვესტიციები, რომლებიც კომპანიაში ხორციელდება.
კვლევას საინტერესოს უწოდებს ”ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე, თუმცა განმარტავს, რომ მასში გარკვეული პუნქტები შესაძლოა სადაო იყოს. ”ბილაინმა” ქართულ ბაზარზე პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს სატარიფო გეგმები და აბონენტებს საშუალება მისცა საკუთარი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მობილური ოპერატორის ხარჯზე გაეკეთებინათ. ჩვენ ამჟამადაც ყველაზე კონკურენტუნარიან ფასებს ვთავაზობთ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ბაზრების ტარიფების მიხედვითაც”,- განმარტავს იგი. უნდა აღინიშნოს, რომ ”აფბას” ტარიფების სიძვირესთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრეტენზიები ”ბილაინთან” ჰქონდა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მართალია ”ბილაინი” ყველაზე დაბალი ტარიფით ოპერირებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი დაფარვის ზონა მცირეა, ბაზარზე კომპანიის გავლენა ჯერჯერობით უმნიშვნელოა. რაც შეეხება ”ჯეოსელს”, კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ, თუ როგორი ტარიფით სურთ სარგებლობა: ”დღეს არსებული შემოთავაზებით, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს 5 თეთრად, 10 თეთრად და სხვა. ამას გარდა, არის კორპორატიული მომსახურება, რომელიც ასევე მრავალფეროვან სატარიფო გეგმას სთავაზობს მომხმარებელს. გამომდინარე მათი მოთხოვნებიდან, შეიძლება იყოს მოთხოვნა საერთაშორისო მიმართულებებზე, თანამშრომლებს შორის დაბალი ტარიფებით სარგებლობაზე და ა.შ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებელი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და კომპანიის ასეთ ლოიალურ დამოკიდებულებას, მემგონი, ჩვენი აბონენტებიც აფასებენ”, - აცხადებს ”ჯეოსელის” კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირმა ცქიტიშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ”აფბა” თავის კვლევაში საუბრობდა, მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში 10-14 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ტარიფის არსებობაა. მობილური მომსახურების საფასურზე კლების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, თუმცა არა საქართველოში,-აღნიშნავენ ”აფბაში”. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბუთბაია მიიჩნევს, რომ ფიჭური კავშირით მომსახურების საცალო ბაზარზე ყველა ქვეყანაში ოპერატორებმა მულტიპროდუქტული რებრედინგი დაიწყეს და აირჩიეს მიმართულება, რომელიც სხვადასხვა ბრენდინგით მომსახურების სახეების შეთავაზებას გულისხმობს. ”ამ სახეებში იგულისხმება ”ლაილაი”, ”ბალი”, ”ბილაინის” სატარიფო გეგმები და ა.შ. ტენდენცია ტარიფების შემცირებისა საქართველოში ზუსტად ისეთივეა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ეს არ ნიშნვას იმას, რომ საბაზისო 28 თეთრი უნდა შემცირდეს. ასეთი სტრატეგია არცერთ ოპერატორს არ აქვს, ყველა მათგანი ცდილობს შეინარჩუნოს მომხმარებლის ინერციულობა, ვინაიდან თუნდაც ნომრების პორტაბელურობა რომ შემოიღო, დარწმუნებული ვარ 28 თეთრიან ტარიფზე ისევ ბევრი დარჩება, აქ რაციონალურ შეფასებაზე ძნელია ლაპარაკი, ეს არის ირაციონალური ქცევის წესი მომხმარებლის, რომელიც გაყინულია ამ 28 თეთრზე და არ სარგებლობს სხვადასხვა აქციებით, რომელთა ფარგლებშიც შეუძლია ნაკლები გადაიხადოს”,-აცხადებს იგი. სხვათა შორის, კვლევის ავტორები აქტიურად მოუწოდებენ მარეგულირებელს გადახედოს მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკას, ”აღმოფხვრას ქართულ ბაზარზე დაუსაბუთებლად მაღალი და ფაქტობრივად კარტელური ფასებით ოპერირების პრაქტიკა და უნდა უზრუნველყოს ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა”. გელა ბუთბაია მიიჩნევს, რომ არსებობს მინიმალური ჩარევის პრინციპი, რისი მიხედვითაც კომისია არ უნდა ჩაერიოს ისეთი საკითხის გადაწყვეტაში, რომლის დარეგულირებაც თავად ბაზარს შეუძლია. ”კომისიამ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ადეკვატური ინსტრუმენტი, რათა ბაზარზე წარმოიშვას ისეთი კონკურენცია, რომ ოპერატორები იძულებულები გახდნენ თავად დაწიონ ტარიფები”,-აცხადებს იგი. გელა ბუთბაიას მსგავს ეფექტურ ინსტრუმენტად ნომრის პორტაბელურობის დანერგვა მიაჩნია: ” პრობლემა სხვა რამეშია: ქართველი აბონენტისთვის სხვა ოპერატორის ქსელში გადართვისას ძალიან მნიშვნელოვანია ნომრის შენარჩუნება. ის სუბიექტური ხარჯი, რომელსაც იგი ნომრის შეცვლისას წევს, იმდენად დიდი და ძვირფასია მისთვის, რომ სატარიფო უპირატესობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, პორტაბელურობის არარსებობის გამო აბონენტის გადასვლა ძვირი ტარიფიდან იაფ ტარიფზე შეუძლებელი ხდება, რაც ხელს უშლის აბონენტს თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში. სწორედ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას”,- აღნიშნავს ბუთბაია. ნომრების პორტაბელურობა ის სიახლე იქნება, რომელსაც მობილური ოპერატორების ტარიფებზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პორტაბელურობის შემოღების შემდეგ ფიჭური კავშირის აბონენტი მობილურ ტელეფონზე მარტივი კომბინაციის აკრეფით ისე გადაერთვება სხვა ოპერატორის ქსელში და ისე შეძლებს მისი მომსახურებებითა და ტარიფებით სარგებლობას, რომ ტელეფონის ნომერი იგივე დარჩება. ”ცხადია, ამ შემთხვევაში ოპერატორი შეეცდება, აბონენტი რომ არ დაკარგოს, ზუსტად იგივე დონის ტარიფები შესთავაზოს”,- აცხადებს ბუთბაია. როგორც ცნობილია, პორტაბელურობის დანერგვაზე მარეგულირებელს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და როგორც გელა ბუთბაია ამბობს, პირველი პორტაბელური ნომერი მიმდინარე წელს უნდა გაჩნდეს. ასე რომ, მობილური კავშირის ტარიფებში ცვლილებები სავარაუდოდ ამის შემდეგ ნამდვილად მოხდება.
ავტორი: ნინო ნატროშვილი